საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s მიიჩნევს, რომ რუსეთმა საგარეო ვალთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დეფოლტი განიცადა.
“რუსეთის სუვერენული ვალის მფლობელებმა 27 ივნისს არ მიიღეს გადახდა ორ ევრობონდზე 30 კალენდარული დღის საშეღავათო პერიოდის ამოწურვისას, რასაც განვიხილავთ, როგორც დეფოლტს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე, სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა ვერ შეძლო დათქმულ ვადაში (27 ივნისამდე) ობლიგაციების უცხოელი მფლობელებისთვის დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა. გამოცემისვე ცნობით, რუსეთი 1918 წლის შემდეგ პირველად ვერ ისტუმრებდა საგარეო ვალს და შესაბამისად, დეფოლტის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ცნობისთვის, 22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო სახელმწიფო ვალის რუბლებში გადახდის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.