ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

სპეციალისტების რჩევა მათთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული

ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებამ განსაკუთრებული პრობლემები მათ შეუქმნა, ვისაც ბანკიდან სესხი დოლარში აქვს გამოტანილი, რადგან თითქმის გასამმაგებული პროცენტის გადახდა უწევთ. ამ დროს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტ-ექსპერტის, დავით ზარდიაშვილის პოსტმა, სადაც ის წერდა, რომ მოვალეს ვალის გადახდა ძველი კურსის მიხედვით შეეძლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის მიხედვით, რომლის შინაარსიც შემდეგია: „ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას
+ თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა, ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.” – სოციალურ ქსელში ინტერნეტ მომხარებელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.

“მეტრონომი” შეეცადა გაერკვია რამდენად სწორად დასვა აქცენტი სტატუსის ავტორმა და შესაძლებელია თუ არა სესხის ძველი კურსის მიხედვით გადახდა. ასევე, ჩვენი მკითხველისთვის კიდევ ერთხელ, უფრო ზუსტი განმარტებისთვის მივმართეთ ეკონომისტს, რომელმაც ლარის გაუფასურების მიზეზები დაგვისახელა.

 

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი“ გივი ადეიშვილი „მეტრონომთან“ საუბარში განმარტავს, რომ განცხადება საბანკო ვალის ძველი კურსით გადახდის შესაძლებლობაზე რაციონალურ აზრს მოკლებულია.

გივი ადეიშვილი: ამ განცხადებაში მუხლი არასწორად იყო აღქმული, ანუ შეეხებოდა იმ თემას, რომ ჩვენ რა კურსშიც ავიღებთ უცხოური ვალუტით სესხს,  იმავე კურსით უნდა გადავიხადოთ. წარმოვიდგინოთ შემთხვევა, რომ ათწლიანი სესხი დოლარში ავიღეთ, სამი წლის შემდეგ კი ლარის კურსი გამყარდა. ბანკმა უნდა მოგვთხოვოს, რომ ისევ ძველი კურსით გადავუხადოთ? შესაბამისად, აღნიშნული განცხადება რაციონალურ აზრს მოკლებულია. სრულიად ეწინააღმდეგება ეს აზრი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. თუ ბანკი  აიღებს თავის თავზე გაცვლითი კურსის ცვლილების რისკს, მაშინ სესხის საპროცენტო განაკვეთები გაცილებით გაიზრდება. თუ ჩვენ გვსურს დაზღვეული ვიყოთ გაცვლითი კურსის გაუფასურებისგან, ამ შემთხვევაში ჩვენ სესხი ეროვნულ ვალუტაში უნდა ავიღოთ. მსესხებლები როცა იღებენ სესხს, უნდა დაუფიქრდნენ, რომელ ვალუტაში აპირებენ ამას. უნდა გაითვალისწინონ, რომ კი, შესაძლოა დოლარში საპროცენტო განაკვეთები დაბალია ლართან შედარებით, მაგრამ, ეს განაკვეთი საკმაოდ გაიზრდება  იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ვალუტის გაუფასურება.

“მეტრონომი”: რა რჩევას მისცემთ მოსახლეობას, ვისაც სესხი დოლარში აქვს და გაზრდილ საპროცენტო განაკვეთს ვერ იხდის, არსებობს რაიმე ბერკეტი მათ დასახმარებლად?  

– იმ შემთხვევაში როცა გაუფასურებულია ლარი და მეტი პროცენტის გადახდა უწევთ, რადგან სესხი დოლარში აქვთ აღებული, შესაძლებელია მათ მიმართონ ბანკებს, სთხოვონ სესხის რესტრუქტურიაზაცია, ან სესხის ვადის გაგრძელების ხარჯზე შეამცირონ პროცენტის გადასახადი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სესხის ვადის გახანგრძლივების გამო მთლიანად გადასახდელი თანხა იზრდება, მაგრამ თუ არ შეგვიძლია სესხის გადახდა, გადაცილებული გადასახადის გამო თანხაზე პროცენტების დარიცხვას ჯობია, რომ დროზე მივმართოთ ბანკს და ერთად მოვიფიქროთ გამოსავალი.

“მეტრონომი“ ასევე დაუკავშირდა იურისტ როინ მიგრიაულს, რომელმაც განგვიმარტა, რას გულისხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი:

როინ მიგრიაული: 389-ე მუხლი არ გულისხმობს პირდაპირ კურსის ცვლილების გამო კრედიტორების სასარგებლო შეღავათებს. ამ მუხლით საუბარია ნომინალის შემცირებაზე ან გაზრდაზე. უფრო კონკრეტულად კი, რუსეთში ხდებოდა ხშირად, როცა 10 მანეთი გახდებოდა 100 მანეთი, ან პირიქით, 100 მანეთი ხდებოდა 10 მანეთი (აქ არ იგულისხმება ინფლაცია, ეს არის ნომინალის ცვლილება, როდესაც 10 მანეთს აქვს 100 მანეთის ღირებულების ძალა და პირიქით), სწორედ ამგვარ შემთხვევებს გულისხმობს ეს ნორმა. აქ კურსზე არ არის საუბარი. როდესაც ამ სამოქალაქო კოდექსზე ვმუშაობდით, არასდროს ვიფიქრებდით იმაზე, რომ დოლარის კურსი გაიზრდებოდა ან ლარის კურსი შემცირდებოდა. ამიტომ ნორმის შექმნისას ეს არ იგულისხმებოდა. ეს ნორმა უნდა განიმარტოს როგორც ნომინალის ცვლილებასთან მიმართებაში.

კიდევ უფრო ზუსტად რომ განვმარტო, თუ ვთქვათ დღეს გადავწყვიტეთ, რომ 100 ლარის ნომინალი ვაქციოთ 10 ლარის ნომინალად, ოღონდ იგივე მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებით, ეს მუხლი გულისხმობს სწორედ ამ შემთხვევას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამოქალაქო კოდექსის შემუშავებაში ჩვენ გერმანელი ექსპერტები გვეხმარებოდნენ, როცა მათ თავიანთი ნორმა, პროექტი შემოგვთავაზეს, სიტყვა კურსი იქ ნახსენები არ იყო. კურსი შემდეგ არის ჩამატებული, ოღონდ ეს იმ კურსად არ იგულისხმება, რაც დღეს ხდება ლართან მიმართულებაში – იგულისხმება ნომინალის შემცირება და გაზრდა. სასამართლოც ასე განმარტავს. არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ისე არ განმარტავს ამ მუხლს, როგორც ეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.

– სხვა ქვეყნების კანონმდებლობა თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად?

– ვცადე გერმანული პრაქტიკა მენახა და გერმანულ სამართალში ასეთი ნორმა, რომელიც კურსის ცვლილების გამო ვალდებულების განსხვავებულად შესრულებას გულისხმობს,  საერთოდ ვერ მოვძებნე. გერმანიაში ფულად ვალუტად გამოიყენება მხოლოდ ევრო. დოლართან მიმართებაში ის შეიძლება იცვლება, მაგრამ ის არ აისახება ფინანსურ ვალდებულებებთან მიმართებაში. იმიტომ, რომ გერმანიაში ერთი ფულადი ვალუტაა ევრო. მულტივალუტურ ქვეყნებში, როგორიც ვართ ჩვენ, აზერბაიჯანი, სომხეთი და სხვა, იქ არ ვიცი ეს საკითხი როგორ არის მოწესრიგებული, მაგრამ ჩვენთან, საქართველოში, 389-ე მუხლი არ გულისხმობს სხვა ვალუტასთან მიმართებაში კურსის ცვლილებას.

ლარის კურსთან მიმართულებაში უნდა არსებობდეს ინდექსაციის შესახებ კანონი, რომელიც სახელმწიფოს ვალდებულებაა. სახელმწიფო ინდექსირებას უნდა უკეთებდეს, რაღაც იქს ციფრზე უნდა ამრავლებდეს და უნდა ხდებოდეს ხელფასის მომატება, საკრედიტო ვალდებულებების შემცირება და ა.შ. ინდექსირებაზე საუბარი იყო 90-იან წლებში, როცა კუპონის სერიოზული გაუფასურება ხდებოდა. რაღაც პროექტიც შემუშავდა. ჰიპერინფლაციის პირობებში იყენებს სახელმწიფო ინდექსირების პოლიტიკას. რაც დღეს ლართან მიმართებაში ხდება, არის თუ არა ჰიპერინფლაცია, ეკონომისტების შესაფასებელია.

„მეტრონომთან“ ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა ზუსტად  განმარტა თუ რას უკავშირდება კურსის ცვლილება და არის თუ არა მოსალოდნელი ჰიპერინფლაცია.

ზვიად ხორგუაშვილი: ინფლაცია არის ფასების საყოველთაო ზრდა, რომელიც გამოწვეულია ფულის მასის ზრდიდან. საქართველოში ეროვნული ბანკის დამსახურებით ფულის მასა შემცირდა, მაგრამ ფასები გაიზარდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან მოხმარების 60 პროცენტი არის იმპორტირებული პროდუქცია, ხოლო ლარის კურსი გაუფასრუდა დოლართან მიმართებაში. ჰიპერინფლაცია გულისხმობს ორნიშნა ინფლაციას მინიმუმ, ეს გვქონდა 90-იან წლებში, როცა 1000 და მეტ პროცენტიანი ინფლაცია იყო, როცა ფული დიდი რაოდენობით იბეჭდებოდა. ჰიპერინფლაციის საშიშროება დღეს არ დგას და არც დადგება, შეუძლებელია ეს მოხდეს საქართველოში, რადგან ეროვნული ბანკი ფულის მასას არ გაზრდის.  ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, ფინანსურ სტაბილურობას შეექმნას პრობლემა.

– ხშირად საუბრობენ დოლარში დანაზოგის შენახვის ან სესხის გაცემის აკრძალვაზე, როგორც ლარის სიმყარის ერთ-ერთ გარანტზე. რამდენად სწორია ეს შეხედულება?

– ეს მიდგომა დამღუპველი და სრული სისულელეა, ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. პირველი – ეს აზარალებს მოსახლეობას, რადგან ლარი არასტაბილურია, მეორე-მათ უზღუდავენ თავისუფალ არჩევანს. ეკონომიკურადაც და მორალურადაც ასეთი საუბარი ძალიან არასწორია.

– რა უწყობს ხელს ქვეყანაში ვალუტის გამყარებას?

– დეკემბერში და იანვრის დასაწყისში ჩვენ გვქონდა ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა. ანუ, მიმოქცევაში ლარი გაიზარდა. ვალუტის კურსი დგება როგორ: რამდენი დოლარია ქვეყანაში და რამდენი ლარია ქვეყანაში. როდესაც ლარის მასა იზრდება მიმოქცევაში, რა თქმა უნდა, ის უფასურდება. ამავდროულად, ვალუტაზე მოქმედებს საგარეო და საშინაო ფაქტორები. საგარეო ფაქტორებია: რუსეთში და საბერძნეთში არის კრიზისი და იქიდან გზავნილები მცირდება. ასევე, ტურიზმიდან შემოსავლები შემცირებულია. თუ 2012  წლამდე 50 პროცენტით იზრდებოდა საქართველოში ტურიზმიდან შემოსული შემოსავლები, 2015 წლისთვის მატება კი არა, კლებაც კი იყო ამ მხრივ.  შემდეგი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ვალუტის სიმყარისთვის არის ვაჭრობა-ექსპორტი და იმპორტი. იმპორტი საქართველოში ძალიან შემცირდა და ეს ძალიან ცუდია, რადგან ეკონომიკურ კრიზისს გულისხმობს, მაგრამ მეორე მხრივ, იმპორტის შემცირებამ დოლარის ნაკლები გადინება გამოიწვია ქვეყნიდან და ლარის კურსი შეინარჩუნა. რაც შეეხება ექსპორტს, შემცირდა 25 პროცენტით. ამის მიზეზებია: ეროვნული წარმოების ნელ-ნელა დაცემა და საგარეო ფაქტორები-აზერბაიჯანში ავტოიმპორტთან დაკავშირებული რეგულაციების დაწესება და საქართველოს ექსპორტის მეტწილად მიბმა რუსეთის ბაზარზე. რუსეთთან ექსპორტი კი ბევრი რამის გამოა ცუდი-ის არასანდო პარტნიორია და მას განვითარებულმა სამყარომ ემბარგო დაადო, შესაბამისად, რუსეთის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია, ამიტომ ნაკლებ პროდუქტს ყიდულობენ, მათ შორის საქართველოდან. რუსეთში ექსპორტი მთავრობის არასწორი გადაწყვეტილება იყო. ვალუტის სიმყარეზე მოქმედებს ასევე ინვესტიციები. საქართველოში 2014 წელს არარეალურად მაღალი იყო ინვესტიციები, მათ შორის 2015 წლის პირველ კვარტალში, მაგრამ აქ პრობლემა იმაშია, რომ ეს ინვესტიციები კავშირგაბმულობასა და ქალაქის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით შემოვიდა, სხვა მხრივ კი ინვესტიციები შემცირებულია, მათ შორის ჯანდაცვაში, ენერგეტიკის სფეროში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. ესეც უარყოფით გავლენას ახდენს ეროვნულ ვალუტაზე. ქვეყანაში დოლარის შემოდინებაა ვალუტის კურსის გამყარების ერთადერი გზა, ამისთვის კი საჭიროა ქვეყნის ბიუჯეტიდან დანახარჯების შემცირება, ტურიზმის განვითარება, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ა.შ. ამას ორი წლის წინაც ვეუბნებოდით მთვარობას, ვერ გაითვალისწინეს ეს და დღევანდელი შედეგი თვალსაჩინოა, მაგრამ მთავარია, რომ ასე აღარ გაგრძელდეს მაინც.

მანა ნოდია

იტვირთბა....