ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი გაიდაის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ლისიჩანსკს უახლოვდებიან და ქალაქის სიახლოვეს, დასახლებულ პუნქტებში ძალების კონცენტრირებას ახდენენ. გაიდაის თქმით, ქალაქზე საავიაციო, საარტილერიო და სატანკო შეტევები ხორციელდება, რის შედეგადაც, არიან დაჭრილები.
“სულ მცირე სამი სამოქალაქო პირია დაჭრილი. დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. სარაკეტო დარტყმებს გაუძლო პოლიციის, პროკურატურის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობებმა”, – ამბობს გაიდაი და აღნიშნავს, რომ სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლები გრძელდება.
როგორც ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი ISW წერს, რუსი სამხედროები ლისიჩანსკს სამხრეთიდან უახლოვდებიან, რომ სევეროდონეცკის მხრიდან მდინარის გადაკვეთა თავიდან აიცილონ. თუმცა, როგორც ISW აღნიშნავს, მათ უკრაინელ სამხედროებთან მძიმე ბრძოლები ელით.
ამასთან, ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გაიდაი ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ რუსი სამხედროები ტოშოვკაში შევიდნენ და ოლქის სხვა დასახლებულ პუნქტებზეც გააძლიერეს ცეცხლის მიტანა.
რუსები სხვადასხვა დანაყოფების გადასროლას აპირებენ დონბასშიც. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მტერი დონბასის დაბომბვას აგრძელებს და სევეროდონეცკის ზონისთვის ალყის შემორტყმას ცდილობს.
ოკუპანტები ასევე ცდილობენ ქალაქ სლავიანსკის მიმართულებით შეტევის განახლებასაც. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბი Facebook-ზე წერს.
“სლავიანსკის მიმართულებით ოკუპანტები სისტემატურ დაბომბვებს ახორციელებენ იმ მიზნით, რომ პირობები შექმნან ქალაქზე შეტევის განახლებისთვის. ისინი შტურმის განხორციელებას ცდილობენ და მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს იყენებენ ახალი დმიტროვკის, ოსინოვკის, კუპულკის, ივანოვკასა და ადამოვკას სიახლოვეს”, – წერს გენშტაბი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულასშტაბიან საომარ მოქმედებებს 24 თებერვლის შემდეგ ახორციელებს.