ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო “ხელისუფლებამ” იემენისგან უერთიერთაღიარების და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების წინადადება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ონლაინ-გამოცემა RIA Novosti სირიაში აფხაზეთის ე.წ. ელჩზე, ბაგრატ ხუტაბაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“იემენის რესპუბლიკისგან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და ურთიერთაღიარების ოფიციალური წინადადება მივიღეთ. ამის გამო, მათი ძალიან მადლობელი ვართ. ვიცით, რომ იქ ახლა რთული სიტუაციაა, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ იემენში სიტუაცია დასტაბილურდება და მშვიდობიან რელსებზე გადავა”, – აცხადებს ხუტაბა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც იემენში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, სამართლებრივი ბაზის მომზადების სამუშაოები დაიწყება დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად.
შეგახსენებთ, ამ დრომდე, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 5 ქვეყანას: რუსეთს, სირიას, ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუს აქვს აღიარებული.