საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში“ მის მოსანახულებლად პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის, მალგორჟატა გოშიევსკას არშეშვებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს “ქვის ხანის ველურების” გადაწყვეტილებაა და როგორც ჩანს, ამის გამო, საქართველოს ევროპა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს აღარ აძლევს.
“ჩვენი მთავარი მოკავშირე, მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყნის, პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა და არა თანამედროვე ევროპელების. ის დამატებით არგუმენტებს იძლევა და ემსახურება ჩვენი კანდიდატობის შეგნებულად ჩაშლას, სწორედ ამიტომაც, როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მდგომარეობით, ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება”, – აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ მოქმედებებითაც უნდა დაამტკიცოს, რომ კანდიდის სტატუსს იმსახურებს.
“ქართველი ხალხი არის არა ველური, არამედ ცივილიზებული, დემოკრატიული საზოგადოება და უნდა ვიმოქმედოთ სანამ ისტორიის სრულ აბსაიდში აღმოვჩნდებით. თუ ჩვენ, როგორც ხალხი, კანდიდატობას ვიმსახურებთ, ეს უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ქმედებებით და არა მხოლოდ განცხადებებით”, – აღნიშნავს სააკაშვილი გავრცელებულ განცხადებაში.