ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

NATO-ს ოთხი ყოფილი გენმდივანი საუბრობს, რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა უკრაინაში ომის დასრულებისთვის

ატლანტიკური საბჭოს ტრანსატლანტიკური უსაფრთხეივუს ინიციატივამ NATO-ს ოთხ ყოფილ გენერალურ მდივანს – ანდერს ფოგ რასმუსენს, ლორდ ჯორჯ რობერტსონს, იაპ დე ჰოოპ სხეფერს და ხავიერ სოლანს მიმართა კითხვით – “შეუძლიათ თუ არა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეული გლობალური კრიზისიდან გამოსასვლელად დასავლეთს რჩევები მისცენ.

რასმუსენმა ამაზე პასუხად აღნიშნა, რომ დასავლეთს მართებს, უკრაინას მისცეს ყველაფერი, რასაც ისინი საჭიროებენ.

“უკრაინელებს ბრძოლის სურვილი აქვთ, ჩვენ კი მათ ის უნდა მივაწოდოთ, რითიც იბრძოლებენ. ისინი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან, იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ნატო-ს პარტნიორებმა გაცილებით ბევრი უნდა გააკეთონ უკრაინის დასახმარებლად. მისცენ მას ის ყველაფერი, რაც აუცილებლად სჭირდებათ – ამ დროისთვის, ეს არის შორ მანძილზე მოქმედი არტილერია”, – აცხადებს ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2009-2014 წლებში იკავებდა. 

ხოლო რასმუსენის წინამორბედი, იაპ დე ჰოოპ სხეფერი, რომელიც ამ პოსტზე 2004-2009 წლებში იყო, აღნიშნავს, რომ ალიანსი ერთ ხმაში უნდა საუბრობდეს და მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს ევროპის კავშირთან ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიცაა სანქციები.

“ხანდახან, NATO-ს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებიც მედიას უტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ისინი ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან”, – აღნიშნავს სხეფერი. 

რასმუსენის მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესი უნდა დაჩქარდეს და ამასთან, მათ ამ იარაღის გამოყენების ათვისების საშუალება რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა მიეცეთ, იზიარებს ჯორჯ რობერტსონი, რომელიც NATO-ს გენმდივნის პოსტს 1999-2004 წლებში იკავებდა.

მისივე თქმით, საჭიროა, რუსეთმა მკაფიო გზავნილი მიიღოს ალიანსისგან

“მიმჩანია, რომ რუსებმა უნდა გაიაზრონ, NATO-ს ქარტიის მეხუთე მუხლის თანახმად, ალიანსის ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ყველა წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას ნიშნავს. ეს მძლავრი გზავნილი უნდა მივიდეს ადამიანთა იმ მცირე ჯგუფამდე, რომელიც პრეზიდენტ პუტინის გარშემოა შემოკრებილი. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს სრული სერიოზულობით ნათქვამია. ვლადიმერ პუტინს პირდაპირ უნდა მივანიშნოთ, რომ ნატო – ეს არ არის წაგებული ალიანსი”, – ამბობს რობერტსონი და აღნიშნავს, რომ არ არის საჭირო იმის დაკონკრეტება, თუ კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საპასუხად – “რადგან მოწინააღმდეგის გაურკრვევლობაში დატოვება, წარმატებული შეკავების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. ამასთან, მხოლოდ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რას ჩათვლის რუსეთის წინააღმდეგ საკუთარ ომში გამარჯვებად”, – აღნიშნავს ის. 

რაც შეეხება ხავიერ სოლანს, რომელიც NATO-ს გენმდივანი 1995-1999 წლებში იყო, ის მიიჩნევს, რომ პასუხი რუსეთის ქმედებებზე, ალიანსის გაფართოება უნდა იყოს.

“პუტინს უნდა ვუჩვენოთ, რომ თუ ომი იმის გამო დაიწყო, რომ ქვეყნისთვის, ამ მომენტისთვის უკრაინისთვის, NATO-ში შესვლის საშუალება არ მიეცა, სამაგიეროდ მან მიიღო ორი ქვეყანა – შვედეთი და ფინეთი, რომლებიც ალიანსში უახლოეს მომავალში გაწევრიანდებიან”, – ამბობს სოლანი. 

 

იტვირთბა....