უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსულ სამხედრო აგრესიას 313 ბავშვი ემსხვერპლა, 579 კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურორის ოფისი Telegram-ზე ავრცელებს.
როგორც გამოცემა UNIAN წერს, ბოლო დღეებში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი. 13 ივნისის მონაცემებით, 288 ბავშვის დაღუპვის შესახებ არსებობდა ოფიციალური ინფორმაცია.
“ეს ციფრები საბოლოო არ არის, რადგან დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობის დასადგენად გრძელდება მუშაობა აქტიური საბრძოლო მოქმედებების, დროებით ოკუპირებულ და ასევე, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე”, – აცხადებენ გენპროკურატურაში.
ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი დაღუპული და დაშავებული ბავშვი (291) დონეცკის ოლქშია. ხარკოვში 169, კიევის ოლქში 116, ჩერნიგოვში 68, ლუგანსკში 54, ხერსონში 52, ნიკოლაევში 48, ზაპოროჟიეში 30, ხოლო სუმის ოლქში კი ეს რაოდენობა 17-ია.