ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სეფაშვილი: ჩვენ [პრეზიდენტის] ამ შენიშვნას არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ეკა სეფაშვილი “მეტრონომთან” საუბარში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ ევროპარლამენტარებთან საკუთარი მიზნების მისაღწევად წარმატებით იმუშავა, მთავრობას კი სათანადო მუშაობა არ გაუწევია.

“გაფუჭებული საქმე ყველაზე ნათლად გამოჩნდა რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში”, – ანაცხადა ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

სეფაშვილი პრეზიდენტის ამ განცხადებას არ ეთანხმება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას ასეთ შენიშვნას არ უნდა აძლევდეს.

“ვერ დავეთანხმები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ამ შეფასებას. არ შეეფერება სინამდვილეს საკითხის ასე წარმოჩენა. ამისათვის ისიც კმარა, რომ გავიხსენოთ [ევროპარლამენტარ] მარინა კალიურანდის შეფასებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ივანიშვილისათვის სანქციების დაწესება ბოლოს, მოუმზადებლად გაჩნდა რეზოლუციაში და სწორედ ამიტომ არ მოვაწერე მე ხელიო. თვითონ ის ევროპარლამენტარი, რომელიც გამოირჩეოდა ჩვენს მიმართ კრიტიკით, ისიც კი აღიარებს, რომ მოუმზადებელი იყო და მან ამის გამო ხელი არ მოაწერა. [პრეზიდენტის მხრიდან] საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებისათვის ასეთი შენიშვნის მიცემა, ვფიქრობ, რომ მიუღებელია და ჩვენ ამ შენიშვნას არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ”, – აცხადებს სეფაშვილი.

იტვირთბა....