ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გერმანიის პოლიტიკური წრეები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან  

გერმანიის პოლიტიკური წრეები, მათ შორის ოპოზიციური ფრაქცია CDU/CSU ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, CDU/CSU-ს მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტში სახელწოდებით “უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭება”, ფრაქცია მოუწოდებს ფედერალურ მთავრობას მხარი დაუჭიროს და ადვოკატირება გაუწიოს 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე სამივე ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას.

“ფრაქციის ევროპის პოლიტიკის სპიკერის, გუნტერ კრიხბაუმის განცხადებით, სამი ქვეყნისთვის ევროკავშირის კარის გახსნა, თავად ევროკავშირის ინტერესებშია. გამომდინარე იქიდან, რომ გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ფრაქცია ითხოვს სამი ქვეყნის სრულ გაწევრიანებამდე ახალი მოდელის შექმნას, რომელიც ამ ქვეყნების ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო დაკავშირებას გახდის შესაძლებელს, მათ შორის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რეზოლუციის ტექსტზე დისკუსია და კენჭისყრა ჯერ ფრაქციის ფარგლებში გაიმართება, დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში კი ის ბუნდესტაგს წარედგინება, რასაც დებატები და კენჭისყრა უნდა მოჰყვეს.

იტვირთბა....