პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე განცხადებას ავრცელებს და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, ნუ გამოიყენებენ 20 ივნისის აქციის ტრიბუნას. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, აქციაზე არ უნდა იყოს ნახსენები არც ერთი სხვა მიზანი, გარდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა.
“20 ივნისი გარდამტეხი დღე იყო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ ხმამაღლა დააფიქსირა ქართველმა ხალხმა, რომ მზად არის თავისუფალი მომავალისთვის, შვილებისთვის, ღირსებისთვის, ქვეყნის სწორი განვითარებისთვის ერთად დადგეს. დღეს სწორდ ეს ღირებულებებია კვლავ საფრთხეში. დღეს, როდესაც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ევროპულ გზაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა, კიდევ ერთხელ და უფრო ძლიერად არის ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი დასაცავი. სწორედ ამიტომ, “ლელო”, მისი ლიდერები, წევრები, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მებრძოლები მოგიწოდებთ! გამოვიდეთ ყველა! 20 ივნისი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიგნალი უნდა იყოს, ყველასთვის, რომ საქართველოს მომავალი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, რელიგიური, ეთნიკური და სხვა სახის კუთვნილების მიუხედავად. დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.
ამ დღეს, არ უნდა იყოს არც ერთი დროშა გარდა საქართველოს და ევროკავშირისა, არ უნდა იყოს არც ერთი გზავნილი გარდა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა, არ უნდა იყოს ნახსენები არც ერთი სხვა მიზანი გარდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა. ეს უნდა იყოს ერთჯერადი შეკრება კონკრეტული ამოცანით. აქვე “ლელო” მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, არ გამოიყენოს 20 ივნისის აქციის ტრიბუნა. დავდგეთ პოლიტიკური ძალები აქციის რიგით მონაწილეებად ხალხთან ერთად, ტრიბუნა კი დავუთმოთ ახალგაზრდებს, ადამიანებს რომლებმაც უნდა შექმნან მომავალი“, – ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.