გერმანიის მიერ დაპირებულმა მძიმე შეიარაღების პირველმა პარტიამ უკრაინაში შეიძლება დეკემბარამდე ვერ ჩააღწიოს. ამის შესახებ Business Insider წერს. გამოცემის ცნობით, პრობლემას არაერთი ფაქტორი იწვევს.
კერძოდ, უკრაინისთვის IRIS-T-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყოფა სიურპრიზი აღმოჩნდა ეგვიპტისთვის, რადგან ქვეყნის ხელისუფლებას სწორედ ეს სისტემი აქვს დაკვეთილი გერმანიისგან, ახლა კი ირკვევა, რომ ერთ-ერთი მათგანი უკრაინას უნდა დაუთმონ.
ამასთან, გამოცემის წყაროები გერმანიის სახელისუფლებო წრეებიდან ამბობენ, რომ ნოემბერ-დეკემბერზე ადრე ეს სისტემა გამოსაყენებლად მაინც არ იქნება მზად. ხოლო რაც შეეხება MLRS Mars II-ის ტიპის მრავალჯერად რეაქტიული სისტემებს, როგორც აღმოჩნდა, გერმანელებს ბრიტანეთსა და ამერიკაში წარმოებული ამ რაკეტების პროგრამულ უზრუნველყოფაზე ხელი ისედაც არ მიუწვდებათ.
“ამბობენ, რომ ამ პრობლემების მოგვარებას შეიძლება, თვეები დასჭირდეს. ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ აგვისტო ომში გადამწყვეტი თვე შეიძლება გახდეს, ხოლო ამ მომენტში, გერმანია უკრაინის დახმარებას მძიმე იარაღით ვერ მოასწრებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.