ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომჯარია: ძალიან სუსტია ის არგუმენტი, რომ ევროპარალმენტარები არიან “ფეიკის” მსხვერპლი

“ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, სახალხო დამცველისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გულშემატკივრისთვის, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის, რაც გუშინ ევროპარლამენტში ხდებოდა, რადგან ძალიან მწვავე კრიტიკა იყო იმის გამო, რომ ბოლო წლებში არ ხორციელდება დემოკრატიული რეფორმები და რომ მედიათავისუფლების მიმართულებით არის გაუარესება”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლომჯარიამ კომენტარი გააკეთა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც, რომლის მიხედვითაც, “ევროპარლამენტი ე.წ “ფეიკის“ მსხვერპლი გახდა”. სახალხო დამცველის თქმით, ნაცვლად ასეთი განცხადებებისა, ხელისუფლებამ დასავლეთს უნდა დაანახოს, რომ მზად არის ქვეყანის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სამუშაოდ.

“გუშინ, ევროპის პარლამენტის ყველა გამომსვლელი ძალიან კრიტიკული იყო შექმნილი ვითარების მიმართ, ამიტომ, ალბათ ძალიან სუსტია ის არგუმენტი, რომ ყველანი არიან “ფეიკ” ნიუსების მსხვერპლი. მით უმეტეს, რომ ამ საკითხებზე, რაზეც საუბრობდნენ ევროპარლამენტარები, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. ისინი საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების და საკუთარი მიგნებების საფუძველზე. ამიტომ, ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ჭორებზე დაფუძნებული. ნაცვლად იმისა, რომ [ხელისუფლებამ] გუშინდელ დებატებს უპასუხოს მსგავსი გზავნილებით, რაც დღეს ბატონი კობახიძისგან მოვისმინეთ, ევროპამ უნდა მოისმინოს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, იმუშავოს იმ გამოწვევებზე, რაზეც ძალიან გულწრფელად და მეგობრული სულისკვეთებით მიუთითებდნენ გუშინ ევროპის პარლამენტის წევრები”, – ამბობს ლომჯარია.

ნინო ლომჯარიას თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპარალემტართა მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ყველა გამომსვლელი იმაზე მიუთითებდა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

“ჩემთვის იმედისმომცემი იყო ის, რომ თითქმის ყველა გამომსვლელი საუბრობდა იმაზე, რომ მიუხედავად ამ ვითარებისა, საქართველოს ევროკავშირმა უნდა მისცეს შანსი და პრაქტიკულად, ყველა მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მე მაინც ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, ქვეყანამ უნდა მიიღოს ეს სტატუსი იმისათვის, რომ სწორედ ის პრობლემები მოვაგვაროთ, რაზეც ამ დებატების დროს იყო საუბარი”, – აღნიშნა ლომჯარიამ.

 

იტვირთბა....