Ukrayinska Pravda მასალას აქვეყნებს, რომელშიც წყაროებზე დაყრდნობით მოთხრობილია, როგორ ცდილობდა უკრაინული მხარე რუსი ოკუპანტების მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხნის განბლოკვას. როგორც გამოცემა წერს, ასეთი ოპერაციები არათუ იგეგმებოდა, ერთ-ერთი მცდელობა განხორციელდა კიდეც, თუმცა, მებრძოლდა ჯგუფი, რომელიც ქალაქისკენ მიიწევდა, მტრის დიდ წინააღმდეგობას გადააწყდა და იძულებული გახდა, უკან დახეულიყო.
როგორც Ukrayinska Pravda-ს წყაროებმა განუცხადეს, მარიუპოლის განბლოკვა პირველ ეტაპზე შესაძლებელი იყო, თუმცა, ყოველდღიურად, ეს უფრო და უფრო არარეალური ხდებოდა.
“პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებდნენ “აზოვსტალის” მცველების გათავისუფლების შესაძლებლობას”, – წერს გამოცემა.
არსებული ინფორმაციით, “აზოვსტალის განბლოკვის მცელობა მარიუპოლის ალყაში მოქცევიდან რამდენიმე კვირაში განხორციელდა დაზვერვის სამსახურის უფროსის ხელმძღვანელობით.
“გულაიპოლის რაიონიდან მარიუპოლის მიმართულებით ჯგუფი გავიდა, რომელსაც ქალაქში უნდა შეეღწია. ამ დანაყოფის შემადგენლობაში გუროვცეველები, უკრაინის შეიარაღებული ძალების და “აზოვის” პოლკის მებრძოლების ნაწილი შედიოდა. თავიდან, იგეგმებოდა, რომ 80-ზე მეტ ტანკს და ჯავშანმანქანას გამოყოფდნენ, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ოციოდე ტანკის, ქვეითთა საბრძოლო მანქანის და ჯავშანტრანსპორტიორის შეგროვება მოხერხდა. ამის მიუხედავად, ჯგუფი მაინც დაიძრა მარიუპოლისკენ. მათ 10-15 კილომეტრი გაიარეს, მტრის დიდი წინააღმდეგობა შეხვდნენ და იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ”, – წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წარმატებული დებლოკირებისთვის, უკრაინული ძალების მხარდასაჭერად ერთდროულად უნდა მომხდარიყო მარიუპოლის გარნიზონის კონტრ-გარღვევა, თუმცა, წყაროს თქმით, 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მოქმედებების შემდეგ ეს არარეალური გახდა.
“4 აპრილის შემდეგ, 36-ე ბრიგადის ერთი ბატალიონი მოულოდნელად ტყვედ ჩაბარდა, შემდეგ კი 36-ე ბრიგადის მეთაურმა, ვლადიმირ ბარანიუკმა ისე, რომ არავინ გაუფრთხილებია, [ალყის] გარღვევა გადაწყვიტა გაუკვეველი მიმართულებით და შედეგად, ბევრი ადამიანი დაკარგა”, – ამბობს წყარო.
ხოლო Ukrayinska Pravda-ს კიდევ ერთი წყარო, რომელიც “აზოვის” პოლკთანაა დაახლოებული, ყვება, რომ ბევრი საზღვაო ქვეითი ტანკებით, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებითა და საბრძოლო მასალებით ჩაბარდა ტყვედ, რითაც ძალიან დაასუსტეს თავდაცვის ძალები.
“ამის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ არაოკუპირებული ტერიტორიიდან განბლოკვა მწირი ძალებით, თუნდაც ერთი მიმართულებით, შეუძლებელი იქნებოდა”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, მარიუპოლი რუსულმა ძალებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე მოაქციეს ალყაში, ქალაქში მდებარე “აზოვსტალის” ქარხანაში კი კვირების განმავლობაში იყვნენ გამაგრებული მარიუპოლის მცველები. საბოლოოდ, ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილი სამხედრეობის გაყვანა მოხერხდა, აზოვსტალის მცველთა გარკვეული ნაწილი კი რუსული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა.