აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოს პოლიციამ მკვლელობის მუხლით 10 წლის გოგონა დააკავა. CNN-ის ცნობით, მოზარდმა ესროლა 41 წლის ქალს, რომელსაც დედამისთან ჰქონდა კონფლიქტი.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანის დედა ქუჩაში ქალს დაუპირისპირდა, ჩანთა კი შვილს მიაწოდა, რომ ხელჩართულ ჩხუბში ხელი არ შეშლოდა. სწორედ ამ ჩანთაში იპოვა გოგონამ პისტოლეტი და დედამისის მეტოქის მიმართულებით ორჯერ გაისროლა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი 7 ივნისს დააკავა და არასრულწლოვანთა ადგილობრივ ცენტრში გაგზავნა. მედიის ცნობით, პროკურატურა მისთვის ბრალის წასაყენებლად ემზადება.
“გოგონას დედა რამდენიმე დღით ადრე დააკავეს იარაღის წესების დარღვევით შენახვის, ბავშვის უყურადღებოდ დატოვების, შეიარაღებული თავდასხმისა და გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.