უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებს ხერსონის მიმართულებით, სევეროდონეცკში კი მტრის შემოტევებს იგერიებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
“რუსეთი სამი მიმართულებით აგრძელებს სევეროდონეცკზე შეტევას, მაგრამ უკრაინული თავდაცვა ამას უმკლავდება. ნაკლებსავარაუდოა, ბოლო 24 საათში რომელიმე მხარეს მნიშვნელოვან წარმატებისთვის მიეღწია”, – წერია ანგარიშში.
სევეროდონეცკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე აკეთებენ აქცენტს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
“ჩვენი მეომრები წარმატებით იგერიებენ შტურმს ქალაქ სევეროდონეცკში. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. დასახლებული პუნქტის, ტოშკოვსკის რაიონში მოწინააღმდეგის შეტევას შედეგი არ გამოუღია. მტერი ასევე ცდილობდა უსტინოვკას დასახლებული პუნქტის მიმართულებით წინსვლას, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტები უკუაგდეს”, – აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, ინფორმაცია ვრცელდება დროებით ოკუპირებულ ხერსონში უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევაზე.
“ცოტა ხნის წინ, უკრაინელმა სამხედროებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ხერსონის სამხრეთ-დასავლეთით კონრშეტევისას. მათ შორის, კონტროლი აღდგინეს მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მათ შორის, კონტროლი დაიბრუნა მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე”, – აცხადებს ბრიტანული მხარე.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რუსეთი ახლა დონბასის ცენტრალურ სექტორზე შეტევაზეა კონცენტრირებული და სხვა ფლანგებზე თავდაცვით პოზიციებზე რჩება.