1980 წლამდე დაბადებული ადამიანებისთვის, “მაიმუნის ყვავილი” საშიშროებას არ წარმოადგენს, – აღნიშნულის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ ათეულ ათასობით შემთხვევაზე.
“ყველა მაჩვენებელი მიუთითებს, რომ “მაიმუნის ყვავილს” არ გააჩნია გავრცელების იგივე რესურსი, როგორიც ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობ კორონავირუსს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ განიხილავს ამ დაავადებას, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეს.
ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორია მისი გადაცემის გზა. თუ იოლად ვრცელდება ვირუსი, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ფართხე ძალიან დიდია. ეს ვირუსი მარტივად არ ვრცელდება და მას ხანგრძლივი კონტაქტი სჭირდება. არა ისე, როგორც კორონავირუსის დროს.
დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“.
ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ბევრი შემთხვევა გვაქვს. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ ათეულ ათასობით შემთხვევაზე. თუ ამ ვირუსმა უფრო მეტი გავრცელება მიიღო, მაშინ აზრი აქვს ვაქცინის შექმნას.
თუ მომდევნო თვეების მანძილზე ამ ვირუსმა მსგავსი სახე მიიღო, მაშინ ვაქცინის შექმნას აზრი ექნება”, – აცხადებს ჩხაიძე.