6 წლის შემდეგ მსაჯულებმა ცხოვრება დამიბრუნეს, – აღნიშნულის შესახებ მსახიობმა ჯონი დეპმა საკუთარი ყოფილი ცოლის წინააღმდეგ სასამართლო დავის მოგების შემდეგ, სპეციალური წერილი გაავრცელა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მისი სიმართლისკენ სწრაფვა მსოფლიოში ბევრ ადამიანს დაეხმარება და აგრძნობინებს, რომ არასდროს უნდა დანებდნენ.
“6 წლის წინ, ჩემი შვილების და იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც პატივს მცემდნენ და ჩემი სჯეროდათ სამუდამოდ შეიცვალა. ეს ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა.
მედიაში ჩემი მისამართით ცრუ და უსაფუძვლო ბრალდებები ვრცელდებოდა, რამაც დაუმსახურებელი სიძულვილი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური ბრალდება არ წაუყენებიათ, ამ ყველაფერმა სეისმურად იმოქმედა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე.
6 წლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ჩემი ცხოვრება დამიბრუნეს. შოკირებული ვარ.
თავიდანვე ამ საქმის მიზანი იყო სიმართლის გამოვლენა, განურჩევლად შედეგისა. სიმართლე რომ ვთქვა, ეს იყო ის, რისი ვალდებულებაც მქონდა ჩემი შვილების წინაშე და ყველას, ვინც მტკიცედ რჩებოდა ჩემს მხარდაჭერაში. ვგრძნობ სიმშვიდეს, რადგან ვიცი, რომ საბოლოოდ მივაღწიე ამას.
მე გადატვირთული ვარ სიყვარულის, უზარმაზარი მხარდაჭერისა და სიკეთის მოზღვავებით მთელი მსოფლიოდან. იმედი მაქვს, რომ სიმართლის თქმისკენ ჩემი სწრაფვა ეხმარება სხვებს, ჩემს სიტუაციაში მყოფ მამაკაცებსა თუ ქალებს, და რომ ისინი, ვინც მათ მხარს უჭერენ, არასოდეს ნებდებიან. ასევე ვიმედოვნებ, რომ ახლა ყველა უდანაშაულოდ ჩაითვლება, სანამ დანაშაული არ დამტკიცდება, როგორც სასამართლოში, ასევე მედიაში.
მსურს მადლობა გადავუხადო მოსამართლეს, ნაფიც მსაჯულებს, სასამართლოს პერსონალს და მანდატურებს, რომლებმაც თავიანთი დრო ამ შედეგამდე მისვლას დაუთმეს. ასევე ჩემს გულმოდგინე და ურყევ იურიდიულ გუნდს, რომლებმაც სიმართლის დამტკიცებაში დამეხმარნენ.
ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის და ახალი თავი საბოლოოდ დაიწყო”, – წერს ჯონი დეპი.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ჯონი დეპმა, საკუთარი ყოფილი ცოლის ემბერ ჰერდის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო და ჰერდს დეპისთვის 15 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.