ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სუბელიანი: კვლავ ისმის მუქარები, რაც მიუთითებს დაუსჯელობის სინდრომზე

“თბილისი პრაიდის” თანადირექტორი ანა სუბელიანი ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის, “ალტ-ინფოს” ლიდერის, კოკა მორგოშიას განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზებული ფესტივალის ჩატარებას არ დაუშვებენ.

როგორც სუბელიანი აცხადებს, სწორედ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეებია იმის მიზეზი, რომ წელს ორგანიზაციამ მარშის ჩატარებისგან თავი შეიკავა. სუბელიანი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რომ “თბილისი პრაიდს” შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ ეზღუდებოდეს.

“ფაქტობრივად, ჩამორთმეული გვაქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ჩვენ შეგვეძლო, კვლავ დაგვეანონსებინა მარში, მაგრამ ვიცით, რომ დიდი ალბათობით, იგივე სცენარით განვითარდებოდა მოვლენები. მუქარები კვლავ ჟღერდება, ეს მიუთითებს ერთადერთზე, რომ დაუსჯელობის სინდრომი არის და ამ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ მათ ხელშია ყველაფერი და მათ პასუხი არ მოეთხოვებათ იმ კრიმინალურ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებენ. ამიტომ, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან გადაიდგას ძალიან კონკრეტული ნაბიჯები”, – განუცხადა სუბელიანმა ტელეკომპანია “ფორმულას”.

შეგახსენებთ, თბილისი პრაიდის კვირეული 28 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდშია დაგეგმილი და მის ფარგლებში კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები უნდა გაიმართოს.

 

იტვირთბა....