არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მხოლოდ საქართველო მიიღებს უარს, ეს იქნება სასჯელი იმისათვის, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა “მეორე ფრონტის” გახსნაზე.
კაკაბაძის თქმით, უარის მიღების შემთხვევაში, ოპოზიციის გეგმაა, ხალხმა პასუხი აგებინოს ხელისუფლებას სახელმწიფო გადატრიალების გზით.
“იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ საქართველოს ეტყვიან უარს, ეს იქნება საქართველოს დასჯა იმის გამო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უარი განაცხადა მეორე ფრონტის გახსნაზე. როგორც არ უნდა შეფუთონ უარი, არავინ დაიჯერებს, რომ საქართველოში ნაკლები დემოკრატია, ნაკლები თავისუფლება, ან მეტი კორუფცია და უსამართლობაა, ვიდრე უკრაინაში ან მოლდოვაში. თუ ამას დავუმატებთ ქართული ოპოზიციური სპექტრის ძირითადი ნაწილის შიშებს, რომ ამ სტატუსის მიღებით ხელისუფლება მოიგებს, ხოლო ოპოზიცია წააგებს, ააშკარავებს მათ გაცხადებულ გეგმებს, რომ სტატუსის უარის მიღების შემთხვევაში, ქართველმა ხალხმა, პასუხი უნდა აგებინოს ხელისუფლებას. ეს პასუხისგება, ხელისუფლების დამხობად, ანუ სახელმწიფო გადატრიალებად ითარგმნება. იმედია, ევროკავშირში, ძირითადად გონიერი ადამიანები წყვეტენ, მნიშვნელოვან საკითხებს. ისინი არ მიიღებენ ალოგიკურ და გაუმართლებელ გადაწყვეტილებას. მათაც კარგად ესმით, რომ რაიმე ნიშნით, ამ სამეულისთვის (და მით უმეტეს, მხოლოდ საქართველოსთვის) კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა, იქნება სიგნალი, მთელი მსოფლიოსათვის და რუსეთისთვისაც, რომ ევროპა აღარ ეხმარება ამ ქვეყნებს (თუ ქვეყანას) რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლაში. ეს ასე იქნება აღქმული, გამომდინარე დღევანდელი ვითარებიდან. ყველასათვის გასაგებია, რომ ჩვეულებრივად, სტანდარტულად განხილვის შემთხვევაში, ამ ეტაპზე, კანდიდატის სტატუსის მიღების კრიტერიუმებს, ტრიოს არც ერთი ქვეყანა არ აკმაყოფილებს”, – წერს სოციალურ ქსელში კაკაბაძე.
შეგახსენებთ, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პასუხს ზაფხულის დასაწყისში ელიან.