ძალადობრივი, პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“ წევრები, Tbilisi Pride-ის განცხადების შემდეგ, აცხადებენ, რომ მობილიზაციას დაიწყებენ და ორგანიზატორები „ვერანაირ გრანდიოზულ ფესტივალს ვერ ჩაატარებენ“.
„Tbilisi Pride ვერ გაგახარებთ …. საქართველოში …. ვერანაირ გრანდიოზულ ფესტივალს ვერ ჩაატარებთ, ვერსად და ვერასდროს …. … ღირსების მარშს რომ ვერ ატარებთ თქვენივე ნებით, ეგ გასაგებია … ეგ ისედაც ცხადი იყო. 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ განსაკუთრებით არ გექნებოდათ მაგის სურვილი. ნუ ეგეც ჩვენი გამარჯვებაა ნაწილიბრივ ….მაგრამ მობილიზაციას ჩვენც დავიწყებთ დღეიდან და ვნახოთ, რა ფესტივალის სურვილი გექნებათ ივნისის ბოლოს”, – ამის შესახებ „ალტ-ინფოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კოკა მორგოშიამ “პუბლიკასთან” საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, დღეს სამოქალაქო მოძრაობა “თბილისი პრაიდმა” განცხადება გაავრცელა და თბილისი პრაიდის კვირეულის დაბრუნება დაანონსა. განცხადების მიხედვით, კვირეულის ფარგლებში, 28 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში სამი ძირითადი ღონისძიებაა დაგეგმილი:
- ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება – კინოენაზე მოთხრობილი ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის ამბავი.
- რეგიონული კონფერენცია – საერთო გეოპოლიტიკურ ბრძოლებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან.
- გრანდიოზული პრაიდ ფესტივალი – გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს.
როგორც “თბილისი პრაიდში” აცხადებენ, ბრძოლას თავისუფლებისთვის, თანასწორობისა და საკუთარი უფლებებისთვის გააგრძელებენ.