ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მედვედევი რუსებს: დასავლეთში სძულხართ, სძულთ რუსული კულტურა და რელიგია – ეს მათ არ უნდა აპატიოთ

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დასავლური სანქციები არა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, ან ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ რუსი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული და ამ გადაწყვეტილების მიზეზი რუსების სიძულვილშია. ამის შესახებ მედვედევი Telegram-ზე წერს და რუსებს მოუწოდებს, “არ აპატიონ ევროპას მათთამი ასეთი დამოკიდებულება”.

როგორც მედვედევი ირწმუნება, რუსეთის ხელისუფლების სათავეში მყოფ პირებს არც ქონება, არც ანგარიშები და არც რაიმე განსაკუთრებული ინტერესები არ აქვთ საზღვარგარეთ, ხოლო რუსი ბიზნესმენებისთვის უცხოური აქტივების კონფისკაცია, მისივე შეფასებით, ფატალური არ არის, რადგან “[იმდენი ფული აქვთ], თავადაც ეყოფათ და მათ შთამომავლობასაც”.

“რასაც არ უნდა ბუტბუტებდნენ ამერიკელი და ვროპელი ბებია-ბაბუები, “ჩვენ თქვენს ხელმძღვანელობას ვსჯით და თქვენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები გვიყვარხართო” ეს სუფთა წყლის ბოდვაა. მათ ჩვენ ყველანი ვეზიზღებით. ამ გადაწყვეტილებების საფუძველ რუსებისადმი ზიზღშია – რუსეთის ყველა მაცხოვრებლისადმი ზიზღში, ჩვენი კულტურის ზიზღში. აქედან მომდინარეობს ტოლსტოის, ჩეხოვის, ჩაიკოვსკის და შოსტაკოვიჩის “გაუქმება”. მათ სძულთ ჩვენი რელიგია, აქედან მომდინარეობს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ნგრევის და მისი პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების სურვილი. ასე იყო პრაქტიკულად მუდმივად. ეს ზიზღი ამაზრზენი და ირაციონალურია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი ამას უნდა შეეგუოს. მოგიწოდებთ, გამოიტანოთ დასკვნები – გახსოვდეთ, როგორც გექცევიან თქვენ და არ აპატიოთ მათ, ვისაც ეზიზღებით”, – მიმართავს მედვედევი რუსეთის მოქალაქეებს.

შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა, რის შემდეგაც, დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება დაიწყო ომის შეჩერების მიზნით.

იტვირთბა....