ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დღეს საზეიმოდ გაიხსნა – “მეტრონომის” რეპორტაჟი გახსნიდან

თბილისის ცენტრში დღეს საოპერო მუსიკის ხმა ისმოდა. წითელი ხალიჩა, ფოტოგრაფები, სასცენო კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები, მუსიკაზე მოცეკვავე შადრევანი და წითელ ხალიჩაზე ამაყად მოსიარულე სტუმრები –  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

12642522_10153909282347188_1099931071473434949_n

სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის ადმინისტრაცია საგულდაგულოდ ემზადებოდა. განახლებული შენობა შიგნიდან მართლაც საუცხოოდ გამოიყურებოდა.  თეატრის წითელ და ცისფერ დარბაზებში გამოფენილი იყო “აბესალომ და ეთერის” კოსტიუმები და პარტიტურები. ასევე წარმოდგენილი იყო ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი გამოფენა. ამ საღამოს ორგანიზატორები საკმაოდ ღელავდნენ, რომ ყველაფერი ისე გამოსულიყო, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ. კიბის საფეხურებზე ჩამწკრივებული პატარა ბალერინა გოგონები სტუმრებს თეთრი ყვავილებით ხელში, ღიმილით ეგებებოდნენ. იქვე სასცენო კოსტიუმებში გამოწყობილი მუსიკოსები არფაზე, ვიოლინოსა და ვიოლონჩელოზე უკრავდნენ და სტუმრებს განწყობას უქმნიდნენ. ისინიც ჭიქით ხელში განახლებულ თეატრს ათვალიერებდნენ და მათ სახეზე აშკარა კმაყოფილება აღინიშნებოდა.

10

შენობის გარეთ, მთავრობის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან საუბრისას ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას მნიშვნელოვან მოვლენად აფასებდნენ. წარმოდგენას ესწრებოდნენ, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეკონომიკის მინისტრი კახა კალაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მეუღლე, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან ერთად, ასევე განათლების მინისტრი და სხვა მთავრობის წარმომადგენლები. თეატრის გახსნაზე ასევე იმყოფებოდნენ ქართუ ბანკის წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები, ქართული კულტურის სფეროს წარმომადგენლები და პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად.

23

კულტურის მინისტმა მიხეილ გიორგაძემ,  საზოგადოებას ეს ისტორიული დღე მიულოცა:

“შემიძლია გადაუჭარბებლად ვთქვა, რომ დღეს ისტორიული დღეა, თეატრი, რომელსაც საქართველოში 160 წელზე მეტი ისტორია აქვს, ახალ სიცოცხლეს იწყებს. ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ 6-წლიანი პაუზის შემდეგ თეატრი იხსნება. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოვლენა არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ მთელი რეგიონის კულტურის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”- აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

21

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი  ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს მადლობა როგორც რიგითმა მოქალაქემ ისე გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა – ეს შენობა ჩვენს ქვეყანას აჩუქა.

16

“ნამდვილად ძალიან ემოციური დღეა, ულამაზესი გამოვიდა ჩვენი ოპერისა და ბალეტის თეატრი. მინდა მივულოცო ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ეს კედლები. მართლაც და ულამაზესი შენობა მივიღეთ. მინდა მივულოცო ხელოვნების სფეროს ყველა წარმომადგენელს ეს მართლაც და ძალიან სასიხარულო დღე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა თბილისს მინდა მივულოცო. ასევე მინდა, ყველანაირი პოლიტიკა რომ გვერდზე გადავდოთ, როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ გიორგი კვირიკაშვილმა, ისე მივულოცო საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს ეს მოვლენა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა საქართველოსთვის და მართლაც, და ეს შენობა აჩუქა ჩვენს ქვეყანას. ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ვერ შეძლეს და ვერ ესწრებიან ამ წარმოდგენას, ძლიან ბევრი შესაძლებლობა იქნება კიდევ ასეთი. მე დავუთმობდი ჩემს ადგილს ალბათ, უბრალოდ ბევრნი არიან და არ მინდა, რომ რაღაც ისეთი უაზრო ჟესტი გავაკეთო”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

19

თეატრი სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“  გაიხსნა. ახალი დადგმის რეჟისორი გიზო ჟორდანიაა, მხატვარი კი გოგი ალექსი-მესხიშვილი.

დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას წარმოდგენამდე სცენიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა მიმართა და ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა. მის შემდეგ სცენაზე კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ავიდა, რის შემდეგაც უკვე ფარდა გაიხსნა და წარმოდგენა დაიწყო.

როგორც ცნობილია, წარმოდგენაზე დასწრება მხოლოდ მიწვეულ სტუმრებს შეეძლოთ. სწორედ ამის გასაპროტესტებლად თეატრის ბაღში, წარმოდგენის პარალელურად აქცია ჩატარდა, რომელიც ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელში დაგეგმეს და მას სახელად “ოპერის სახალხო გახსნა” დაარქვეს:

24

“შაბათს, 2016 წლის 30 იანვარს, 6 წლიანი პაუზის შემდეგ, იხსნება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი. სამწუხაროდ, ამ დღისთვის ბილეთები არ გაყიდულა, ხოლო „ჩვეულებრივი ადამიანების“ მიერ წინასწარ დაჯავშნილი ბილეთები გაუქმდა. ოპერის მოყვარულთა დიდი ნაწილი არც მოსაწვევის „ღირსი“ აღმოჩნდა. თუმცა, ეს არ აკნინებს ამ მოვლენის მნიშვნელობას. დღიდან დაარსებისა, ოპერა ყოველთვის იყო ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი სწრაფვისა და ევროპული არჩევანის ერთ-ერთი სიმბოლო. ოპერის გახსნა საერთო-სახალხო ზეიმია. ამიტომ, ოპერის მოყვარულებმა გადავწყიტეთ, აღვნიშნოთ ეს დღე. მოვუსმენთ ისტორიულ ჩანაწერებს, იქნება ექსპრომტად შესრულებული სიმღერები, საუბრები ოპერაზე და ცხელი გლინტვეინი განწყობის ასამაღლებლად.  დანარჩენი – მოსულთა ფანტაზიაზე და ენთუზიაზმზეა დამოკიდებული”- ნათქვამია ორგანიზატორებთა მიმართვაში.

12

თეატრის გახსნას არ ესწრებოდნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ყოფილი პრემიერები – ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

პრეზიდენტის არყოფნის მიზეზი ცნობილია, ის პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. გიორგი მარგველაშვილი სოფელ დუისში, ხეობის უხუცესებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე პანკისის ხეობაში არსებული ვითარება განიხილეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, პრეზიდენტი ოპერისა და ბალეტის თეატრში არა სპეციალურად მიწვეულ სტუმრებთან ერთად, არამედ ხვალ, რიგით მოქალაქეებთან ერთად მივა.

18

ორი ყოფილი პრემიერის თეატრში არმისვლის მიზეზი კი უცნობია.

საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრს საუკუნე ნახევრის ისტორია აქვს.

2010 წელს თეატრის შენობის რემონტი დაიწყო. პროექტი ინტერნაციუნალურია. საერთაშორისო ფონდ “ქართუს” გარდა, რომელიც ძირითადი სპონსორია, თეატრის განახლებაში მონაწილეობდნენ უცხოური ფირმებიც. გერმანულ “გერეტაში” შეიკერა ახალი ფარდა, მომზადდა ეკრანები, რეეკრანები და სცენის ჩაცმულობის სხვადასხვა აქსესუარები. თეატრს დაემატა ღია ვერანდები და საგამოფენო სივრცე. მსახიობებისთვის ახალი საგრიმიოროები გაკეთდა, ანტრაქტების დროს დასასვენებელი დარბაზი, თანამშრომლებისთვის აშენდა სასადილო, შეძენილია ახალი ავეჯი, ტექნიკა, ორკესტრისათვის – ახალი ინსტრუმენტები. გადიდდა თეატრის მიმდებარე სკვერი, სადაც დაკრძალულნი არიან კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, ქართველი ტენორები: ვანო სარაჯიშვილი, ზურაბ ანჯაფარიძე და დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი.

13

დღევანდელ წარმოდგენაში წამყვან პარტიებს ასრულებდნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები ლადო ათანელი და თამარ ივერი, რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები – თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი “სამოსელი პირველის” მიერ არის შეკერილი.

ნინო ცხადაია

5

“აბესალომ და ეთერის” საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 31 იანვარს, 2 და 21 თებერვალს.

1

4

2

6

3

7

10

15

14

11

20

26

 

იტვირთბა....