გუშინ ღამით რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს. შედეგად, დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, ექვსი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.
“ამ დროისთვის, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სკოლა და სულ მცირე, შვიდი მრავალსართულიანი შენობა”, – აღნიშნავს კირილენკო.
ამასთან, მსხვერპლი მოჰყვა ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის დაბომბვას. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, დაღუპულია ორი ადამიანი, სამი ადგილობრივი კი დაიჭრა.
“კიდევ ერთი დაღუპული კაცის ცხედარი ლისიჩანკში, მისი სახლის სიახლოვეს იპოვეს. ქალაქიდან ევაკუაცია შეჩერებულია. რუსები სევეროდონეცკისა და ტოშკოვკის რაიონებზე შტურმს ახორციელებენ. გორსკოეში საბავშვო ბაღის შენობა დაანგრიეს”, – აღნიშნავს გაიდაი.