წამების ადგილად გქონდათ გადაქცეული ციხეები და იქ მოხვედრილი ადამიანებიდან, ჯანმრთელი ერთი არ გამოდიოდა. ამიტომ იყო 144 ადამიანი რომ კვდებოდა წელიწადში და ამიტომ იყო, ყოველ მეორე ადამიანს რომ ჰქონდა C ჰეპატიტი. აი, ეგ იყო თქვენი ციხეები და ეგ იყო თქვენი მიდგომა, – მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის გამოსვლისას.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, იუსტიციის მინისტრთან კითხვა ციხეებში არსებულ მდგომარეობას ეხებოდა, სინამდვილეში კი ოპოზიციის მხრიდან ინტერესი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი იყო.
„რაც ყველაზე საინტერესოა, ისიც ხუთ ადამიანს აინტერესებს „ნაციონალური მოძრაობიდან – საინტერესო დინამიკაა და ვფიქრობ, გაგრძელდება. ალბათ, ეგუებიან თვითონ რა მდგომარეობაც ხდება. სააკაშვილზე ისაუბრეთ, გეტყვით, რა ნახა მთელმა საქართველომ – ნახა როგორ დაესხა თავს ციხის თანამშრომლებს, როგორ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, როგორ დაანგრია და დაამტვრია იქაური სამედიცინო აღჭურვილობა. აი, ეს ნახა საზოგადოებამ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების საპასუხოდ.
სოზარ სუბარმა ოპოზიციონერ კოლეგებს კიდევ ერთხელ შეახსენა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ციხეებში არსებული მდგომარეობა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა და რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც არის ასახული.
„ქალბატონმა ეკა ხერხეულიძემ თქვა, რომ ის ხელისუფლება იყო, რომელმაც „გუბერსკი“ ციხე დაანგრია. დიახ, მაგრამ სანამ დაანგრევდა, რამდენიმე დღით ადრე იქ 7 ადამიანი დახვრიტეს, რამდენიმე ასეული დაჭრილი ადამიანი გადაიყვანეს მე-6 დაწესებულებაში, არცერთს არ მკურნალობდნენ, არცერთთან ექიმი არ იყო შესული, სანამ სახალხო დამცველის ეგიდით მე პირადად ექიმი არ შევიყვანე, არ აღვწერე თითოეული მათგანის მდგომარეობა და კატეგორიულად არ მოვითხოვე, რომ ამ ადამიანებისთვის ემკურნალათ. ეს უძღოდა წინ დანგრევას. დანგრევას წინ უძღოდა ის, რომ ყოველ 20-კაციან საკანში იყო 120-130 ადამიანი და რიგ-რიგობითაც კი ვერ წვებოდნენ საწოლზე. არანაირი აბანო, არანაირი ჰიგიენის საშუალებები იქ არ არსებობდა. 4 წელიწადში 4-ჯერ გაზარდეს პატიმრების რაოდენობა 6 ათასიდან 24 150-მდე და ეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ მიაჯაჭვა თურმე ამ ხელისუფლებამ ციხის კართან მთელი საქართველო. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რა ხდებოდა ციხეებში, როგორი წამება იყო. 10 წლის განმავლობაში ერთადერთი საქმე წავიდა სტრასბურგში პატიმრის ღირსების შემლახავ მოპყრობაზე, წამებაზე და ის ერთი საქმეც იყო მიხეილ სააკაშვილის და ის ერთიც გამორიცხა სტრასბურგმა იმიტომ, რომ ჩათვალა ყველაფერი კარგად იყო. იმ 8 წლის განმავლობაში კი 95 საქმე აქვს წაგებული საქართველოს სტრასბურგში სწორედ წამების, ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო პატიმრებთან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.