საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა სეფაშვილი “მეტრონომთან” საუბარში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ცნობისთვის, ზურაბიშვილმა 26 მაისთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:
“ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არი იყოს, სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ… და ბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ამ ღირებულებების დაცვა, არც სხვისი ნაკარნახევი ნების შესრულებაა, არც გაუცხოების და იდენტობის დაკარგვის საფრთხეა, არამედ, პირიქით”.
ეკა სეფაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რაში ხედავს სალომე ზურაბიშვილი ავტორიტარიზმის საფრთხეს, ან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნიშნებს.
“ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქალბატონ სალომეს ვერ დავეთანხმები. მე ასეთ ნიშნებს ნამდვილად ვერ ვხედავ. ალბათ, კონკრეტული ფაქტების და არგუმენტების მოყვანა არის საჭირო ამის დასადასტურებლად. მე, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები რა იგულისხმება ავტორიტარიზმში და რა ნიშნები უნდა ვიგულისხმოთ, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმია. რითი მტკიცდება? – სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაულება გადანაწილებულია და არც ერთი შტო არ ფლობს ერთპიროვნული გადაწყვეტილების არც უფლებას და არც ისეთ გავლენას, რომ მხოლოდ მას მოეკითხებოდეს და მასზე იყოს დამოკიდებული ქვეყნის მართვა. პარლამენტი ახორციელებს კონტროლს, მთავრობა ანგარიშვალდებულია, მაგალითად დღეს, პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი დაბარებული არიან პარლამენტში და რა ნიშნებზეა საუბარი, მე სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები”, – აცხადებს სეფაშვილი.