თავისუფლად შეიძლება დავარქვათ ოპოზიციას საკუთარ დებატებში დაკარგულები, – ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან დღევანდელ საპარლამენტო დებატებზე ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლა.
მისი თქმით, ის ოპოზიციისგან მომზადებულ “სფიჩებს” ელოდებოდა.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ველოდებოდი გაცილებით მომზადებულ „სფიჩებს“ მათი მხრიდან და ძალიან მოუმზადებლები იყვნენ, რადგან გაიჭედნენ ორ მთავარ მიზანს შორის. უნდოდათ დებატები მოეგოთ და უნდოდათ გამოეჩინათ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად მზად არ არის. საქართველო მზად არის და ბევრად უსწრებს იმ ქვეყნებსაც კი, რომლებსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვთ და ყველაზე სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა აირჩიეს გზა, რომ მათი ხსნა არის საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, მაგრამ ამის გახმოვანება, ბალანსის დაცვა ერთად ყველაფერი ძალიან გაუჭირდათ და ჩაიკარგნენ ამ დებატებში, თავისუფლად შეიძლება დავარქვათ მათ საკუთარ დებატებში ჩაკარგულები, დაკარგულები. კულმინაცია იყო, როცა არჩილ თალაკვაძემ სთხოვა მათ ხელის აწევით დაედასტურებინათ დღევანდელი მოცემულობით ღირსია თუ არა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მხოლოდ ერთმა აწია ხელი ოპოზიციიდან, ვერ გაბედეს ხელის აწევა, შეგვიძლია გავამძაფროთ და დავარქვათ ამას საქართველოს მტრობა, მეორე მხრივ დაბნეულობა შეიძლება დავარქვათ, რბილად რომ ვთქვათ, ყველა მოცემულობით, წაგებულ მდგომარეობაში არიან“, – განაცხადა მდინარაძემ.