ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გახარია: ევროინტეგრაციის შანსის ხელიდან გაშვება არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ ეპატიება

“დღეს, საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ ევროინტეგრაციის გზაზე და მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ქვეყანა, ასეთი შესაძლებლობის გაჩენას ელოდება დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არავის არ ეპატიება”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას თქმით, საჭიროა, უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე და გავერთიანდეთ ევროატლანტიკური მომავლისთვის. მისივე თქმით, ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ ეპატიება,

“ხელისუფლებას და ოპოზიციას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარმატებული ქართული სახემწიფოს მშენებლობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას, ვერავინ ვერავის ვერ დააბრალებს. ამ ისტორიული შესაძლებლობის გაშვება არ ეპატიება არავის, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა მაინც ხელისუფლებისაა. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დავდგეთ ერთად, უნდა გავერთიანდეთ დიდი მიზნის ირგვლივ. ერთად დგომა და კომპრომისის უნარი არის ის, რაც დღეს ყველაზე უფრო გვაკლია და რაც ყველაზე მეტად აზიარებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. შესაბამისად, უარი უნდა ვუთხრათ დაპირისპირებას, პირადი ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებას, მიდგომას – ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. ან მიდგომას – ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ის ქვეყნის მტერია. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხს, ყველანი უნდა გავერთიანდეთ. როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგირთი მოქალაქე, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვთხოვ ჩვენს ეკლესიას – გავერთიანდეთ და ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშნელოვან დღეებში მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ევროპულ მომავალს. არჩევანს, რომელიც გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა და არჩევანს, რომელსაც მხარს უჭერენ ჩვენი შვილები. კანდიდატის სტატუსის ვერმიღება, იქნება თითოეული ჩვენგანის მარცხი, მაგრამ მთავრობის პასუხისმგებლობა. მინდა, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ, ევროკავშირს მოვუწოდო – მიანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამას იმსახურებს ქართველი ხალხი, ამას იმსახურებს ჩვენი ქვეყანა – რომელმაც ამ არჩევანში უმძიმესი ფასი უკვე ბევრჯერ გადაიხადა”, – აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, ევროკავშირის გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, 10 ივნისს უნდა გახდეს ცნობილი.

იტვირთბა....