გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინის ომით გამოწვეული ან გამწვავებული კრიზისი სურსათის, საწვავის და ფინანსების სფეროში, ღარიბი და განვითარებადი ქვეყნების სტაბილურობას დიდ საფრთხეს უქმნის. როგორც გაეროში აღნიშნავენ, კრიზისი და დეფოლტი 70-ზე მეტ ქვეყანაშია მოსალოდნელი.
The Wall Street Journal-ის ცნობით, მოსალოდნელ საფრთხეებზე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაეროს განვითარების პროგრამების ადმინისტრატორმა, აჰიმ შტეინერმა ისაუბრა.
“ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი მხრიდან რეაგირება შეესაბამებოდეს კრიზისის მასშტაბებს. ბევრ განვითარებად ეკონომიკას უბრალოდ აღარ შემორჩა ფული. მაღალმა ინფლაციამ და საპროცენტო განაკვეთებმა შესაძლოა 70-ზე მეტი ქვეყანა დელფოსამდე მიიყვანოს”, – აცხადებს შტეინერი.
როგორც The Wall Street Journal წერს, რუსეთს უკრაინის პორტები აქვს ბლოკირებული, რაც დეფიციტს ქმნის და ფასების ზრდას იწვევს ისეთ ქვეყნებში, რომლებიც მთლიანად იმპორტზე არიან დამოკიდებული.
“ამ ფონზე, წელს მსოფლიო ფასები მარცვლეულზე 50%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებლებს მიუახლოვდა. 32 პროცენტით არის გაზრდილი ფასები სიმინდზე, ხოლო სოიოზე 26%-ით”, – აღნიშნავს გამოცემა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.