დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “მაიმუნის ყვავილის” გავრცელების ასარიდებლად, საქართველოში გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ზედამხედველობის გაძლიერება იგეგმება. გამყრელიძის თქმით, ინფექცია ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ანაც დაინფიცირებულ ნივთებთან შეხებით და საწყის ეტაპზე, ცხელება და გამონაყარი ახასიათებს.
როგორც გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში აღნიშნა, “მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს და მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას.
“ევროპის ქვეყნებში 100-მდე შემთხვევაა აღწერილი, სიკვდილი კი არ არის დაფიქსირებული. ყველაზე მეტი ესპანეთსა და პორტუგალიაშია გამოვლენილი. 1980 წლებამდე დაბადებულებს, ვისაც გაკეთებული აქვს ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა, მათი იმუნიტეტი „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მუშაობს. ეს პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ აუცილებელია, შესაბამისი მიმართულებები გაძლიერდეს. ჩვენ პრევენციულ ღონისძიებებზე ინფორმაციას ვაქვეყნებთ, თუ როგორ უნდა მივიტანოთ ეჭვი “მაიმუნის ყვავილზე“. სამედიცინო ქსელში დაიგზავნა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ყურადღება. ინფექციის პირველი ნიშანი არის ცხელება და გამონაყარი, ამიტომ აუცილებელია სხვა დაავადებებისგან იდენტიფიცირება. ე.წ. მოგზაურობის შეზღუდვაზე განგაშის საფუძველი არსად არის. ჩვენ მივყვებით ჯანმოს, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის, ასევე დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციებს. განგაშის სიგნალი ანთებული არ არის. საუბარია, რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მოსახლეობას ამ ვირუსზე. საპანიკო არ გახლავთ, მზადყოფნა კი აუცილებელია“, – აცხადებს გამყრელიძე.
“მაიმუნის ყვავილის“ ინკუბაციის პერიოდი 5-დან 21-დღემდეა და ძირითადად, 7-14 დღის ფარგლებში ვლინდება.