რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, იდეა უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის ავტონომიის არსეობის შესახებ, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საბაბია.
“ეს რუსეთის მისამართით პირდაპირი უხეშობა, მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემცველი და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მიზეზია. რუსეთში არ არის და არც არასდროს იქნება პოლიტიკური ძალა, რომელიც ყირიმის ბედის განხილვაზეც კი წავიდოდა. ეს უბრალოდ, ნაციონალური დანაშაული იქნებოდა”, – წერს მედვედევი Telegram-ზე.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი ჯერ კიდევ 24 თებერვალს დაიწყო, თუმცა, ხელისუფლების პირები და კრემლის პროპაგანდისტები ამას არ აღიარებენ და სხვის ქვეყანაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” მოიხსენიებენ.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ოკუპაციიდან ყირიმის გამოხსნის შესაძლო მცდელობები სამხედრო გზით, ასობით ათასი უკრაინელი სამხედროს სიკვდილს გამოიწვევს.
ამასთან, გამოცემა UNIAN-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინას შესწევს ძალა, გაათავისუფლოს ოკუპირებული ყირიმი და ასევე დონბასის ის ნაწილი, რომელიც ჰქონდათ რუსებს ომის დაწყებამდე, 24 თებერვლამდე ჰქონდათ აღებული.
ხოლო უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის პროგნოზით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე შესვლა 2022 წლის ბოლომდე შეეძლებათ.