„სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსული დაავადების – ცხვრის კატარალური ცხელება (Bluetongue) – არსებობას არ ადასტურებს“ – ეს განცხადება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა.
განცხადების გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აზერბაიჯანმა საქართველოდან ცოცხალი პირუტყვისა და ცხოველური წარმოშობის საქონლის იმპორტი დროებით აკრძალა, აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მან მიზეზად, საქართველოში წვრილრქოსან და მსხვილრქოსან პირუტყვს შორის გავრცელებული ვირუსი დაასახელა.
„მიმდინარე თვის დასაწყისში, თბილისის მახლობლად, ერთ-ერთ ფერმაში წვრილფეხა პირუტყვის დაცემის ფაქტი აღინიშნა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუყოვნებლივ გაატარა ვეტერინარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. პირველადი ლაბორატორიული კვლევით დაისვა ცხვრის კატარალური ცხელების დიაგნოზი.
საქართველო ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (OIE) წევრი ქვეყანაა. აღებული ვალდებულებების შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურებმა პირველადი დიაგნოზის შესახებ ოპერატიულად აცნობეს აღნიშნულ ორგანიზაციას.
აღებული ნიმუშები გადაიგზავნა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირბრაიდის (დიდი ბრიტანეთი)რეფერალურ ლაბორატორიაში – გაგზავნილი 11 ნიმუშიდან ცხვრის კატარალური ცხელება არცერთში არ აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებ დამატებით ეცნობა ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.
სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების კეთილსაიმედოობის მიზნით ახორციელებს ვეტერინარულ ღონისძიებებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ვაქცინაციის და ცხოველთა იდენტიფიკაციის პროცესი, რაც ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასა და მიკვლევადობას“ – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოდან აზერბაიჯანს სამ ძირითად საექსპორტო საქონელს ვაწვდით. მათ შორისაა ცოცხალი პირუტყვის ექსპორტიც. რადგან „სურსათის ეროვნულმა“ სააგენტომ ვირუსის არსებობა არ დაადასტურა, თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ამბავს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანული მხარის განაწყენება, საქართველოში, ბოლო დროს, ენერგეტიკული თემის წინა პლანზე წამოწევამ განაპირობა.
„მეტრონომი“ ეკონომისტ რომან გოცირიძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ამბავი საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან სასწრაფოდ უნდა გაარკვიოს.
“ეს უნდა გაარკვიოს სასწრაფოდ საქართველოს მთავრობამ და აზერბაიჯანის ხელისუფლებას უნდა დაელაპარაკოს. ეს ჩვენი საექსპორტო ნომერ მეორე პოზიციაა. აზერბაიჯანში პირველი არის მსუბუქი ავტომობილები, მეორე – ცოცხალი პირუტყვი და მესამე – მედიკამენტები. ამ სამ ძირითად საექსპორტო საქონელს ვაწვდით აზერბაიჯანს და ამის გადაკეტვა ჩვენი ეკონომიკისთვის, ლარისთვის ცუდი იქნება. მთავრობამ აზერბაიჯანისგან გულწრფელი პასუხი უნდა მიიღოს, უნდა გაიგოს რა ხდება” – აღნიშნა გოცირიძემ.
საქართველოს მთავრობას ამ საკითთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ნინო ცხადაია