უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ საბრძოლო მოქმედებების ყველაზე ცხელ წერტილებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უმძიმესი ვითარებაა დონბასში, რომელიც მთლიანად განადგურებულია.
“დონბასში არსებული ვითარება არის ჯოჯოხეთი და ეს არ არის გაზვიადება”, – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პირველი პირის თქმით, მუდმივი იერიშები ხორციელდება ოდესის რეგიონში. ამასთან, რუს ოკუპანტებს დარტყმები მიაქვთ ჩერნიგოვის რეგიონის ქალაქ დესნაზე, სადაც უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ბევრი დაღუპულია.
“სევეროდონეცკის სასტიკი და აბსოლუტურად უაზრო დაბომბვა, სულ რაღაც ერთ დღეში, 12 დაღუპული და ათობით დაჭრილი. სხვა ქალაქების დაბომბვა, რუსული არმიის საჰაერო და სარაკეტო იერიშები – ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებები. ეს არის მიზანმიმართული და დანაშაულებრივი მცდელობა, რაც შეიძლება მეტი უკრაინელი მოკლან, დაანგრიონ რაც შეიძლება მეტი სახლი და საწარმო. სწორედ ეს იქნება კვალიფიცირებული უკრაინელი ხალხის გენოციდად, რისთვისაც ოკუპანტები აუცილებლად აგებენ პასუხს”, – აცხადებს ზელენსკი.