ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

TV4-ის დირექტორი: ფინანსური პრობლემები გვაქვს და “ალტ-ინფოს” ეთერში გაშვება ამის გამო მოგვიხდა

ქვემო ქართლის ტელევიზია TV 4-ის ეთერში 17 მაისიდან პრორუსული და ჰომოფობიური “ალტ-ინფოს” საინფორმაციო გამოშვებებისა და გადაცემა “დღის კომენტარის” ტრანსლირება დაიწყო.  ტელევიზიის 24-საათიან ბადეში “ალტ-ინფოს” კონტენტს დაახლოებით ხუთი საათი ეთმობა.

ამასთან დაკავშირებით, “მეტრონომი” TV4-ის დირექტორს, გიორგი მგალობლიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, “ალტ-ინფოს” ტრანსლირება ფინანსური პრობლემების გამო უწევთ. მგალობლიშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე ონლაინ გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორამცია იმის თაობაზე, რომ ტელევიზია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი განმარტებით, მათ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტენდერში გაიმარჯვეს და მხოლოდ მცირე დაფინანსებას იღებენ.

“ალტ-ინფოს კონტენტი ნამდვილად გადის ჩვენს ეთერში 17 მაისიდან, უბრალოდ, ტელევიზია არ არის მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე. ეს არის ჩვეულებრივი ტენდერი სარეკლამო მომსახურეობაზე,  რომელიც ასე ცხადდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვეულებრივად ვართ მოგებული ამ შემთხვევაში ჩვენ – ქვემო ქართლის ტელევიზიას აქვს რუსთავის მუნიციპალიტეტთან ტენდერი მოგებული. ეს ტენდერი არის სულ 60 000-ლარიანი, ერთ წელიწადზე გათვლილი, ძალიან ცოტა არის და ფიზიკურად არ ყოფნის ტელევიზიას. შესაბამისად, ფინანსური პრობლემები გვაქვს და ამის გამო მოგვიწია სამწუხაროდ, ალტ-ინფოს ეთერში გაშვება”, – აცხადებს მგალობლიშვილი.

იტვირთბა....