უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ “აზოვსტალის” ქარხნიდან 264 დაჭრილი უკრაინელი სამხედროს გაყვანა მოხერხდა.
მისივე თქმით, უკრაინას ცოცხალი გმირები სჭირდება – 211 ჯარისკაცი შემდგომი გაცვლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, 53 მძიმედ დაჭრილი კი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
“ეს მარტივი დღე არ არის, მაგრამ ისევე როგორც ყველა სხვა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დაცვას ისახავს მიზნად. მადლობა უკრაინელ სამხედროებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, დაზვერვას, ასევე მოლაპარაკებების ჯგუფს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაეროს. ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია გადავარჩინოთ ჩვენი შვილების სიცოცხლე.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინას ცოცხლად სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს”, – აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა ინარჩუნებს მაქსიმალურ დიპლომატიურ აქტივობას სხვა სფეროებში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი მარიუპოლი თითქმის სამი თვეა, რაც ალყაში მოაქციეს. ადგილზე მყოფი ადამიანები სასიცოცხლო რესურსების გარეშე არიან დარჩენილი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.