ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავარი არხი”, “ფორმულა”, “ტვ პირველი”, “კავკასია” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ „ფორმულა“ და „კავკასია“ ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მედიის ერთობლივ განცხადებაში ტელეკომპანიების წარმომადგენლები, დასავლელ მეგობრებს მიმართავენ.

“ჩვენ, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები მივმართავთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს დამოუკიდებელი არხის, “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას დაკავება არის პირდაპირი დემონსტრაციული გზავნილი დასავლეთისთვის, რომ საქართველო არის რუსული, ოლიგარქიული, მიტაცებული ქვეყანა და ის იმართება პუტინის მეთოდებით. ნიკა გვარამიას დაჭერა ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროპასა და ნატო-ზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის განხილვის ფონზე. ასევე ოცნების რეჟიმის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ცხადჰყოფს, რომ ხელისუფლება გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს და ნიკა გვარამის დაკავება ამის კიდევ ერთი დასტურია. ნიკა გვარამიას დაჭერა არ არის ერთი მედიის ან ერთი ადამიანის საკითხი. ეს არის მთლიანად ქართული მედიის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენის საქმე.

ჩვენ, ოპოზიციური მედია ჩვენი საქმიანობით ყოველთვის მხარს ვუჭერთ დასავლურ ფასეულობებს და ვდგავართ დემოკრატიის სადარაჯოზე. თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის გაწეული გაქვთ დიდი ძალისხმევა, მათ შორის ფინანსური დახმარება, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არის მართლმსაჯულება, სისტემას მართავს კლანი, ქვეყანა მიტაცებულია და იმართება უკვე დაუფარავად რუსული რეჟიმის მიერ, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი წაართვას. ჩვენ გამოვიარეთ და გავუძელით ყველანაირ ჩაგვრას, ზეწოლას. ფაქტია, რომ ოლიგარქი არ ჩერდება და მორიგ ჯერზე ოფიციალურად გააფორმა ავტოკრატია.

ქართველი ხალხის და ჩვენი, კრიტიკული მედიის ერთადერთ მოკავშირედ გთვლით თქვენ, ჩვენს დასავლელ მეგობრებს და გულშემატკივრებს, ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაგვიჭიროთ ამ უსამართლო ბრძოლაში და არ მისცეთ საშუალება ოლიგარქიულ რეჟიმს, რომ საბოლოოდ მოკლას დემოკრატია და ქართველი ხალხის მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლება და თქვენ მიერ გაწეული ძალისხმევა აღმოჩნდეს ფუჭი”. – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....