თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ის პირობები დაასახელა, რომლის სანაცვლოდაც ქვეყანა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდება.
Reuters-ის ცნობით, თურქული მხარის მოთხოვნაა, ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ თავიანთ ქვეყნებში ტერორისტული დაჯგუფებების დაფინასნება; წარმოადგინონ უსაფრთხოების მყარი გარანტიები და გააუქმონ თურქეთიდან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები.
როგორც ჩავუშოღლუმ ბერლინში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მას კომუნიკაცია ჰქონდა ფინელ და შვედ კოლეგებთან და ისინი გაგებით მოეკიდნენ თურქეთის პოზიციას.
“უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება. უნდა შეწყვიტონ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა. ეს არც მუქარაა და არც პოპულიზმი. საუბარია იმაზე, რომ ალიანსის პოტენციური წევრები ტერორიზმს უჭერენ მხარს. ვგულისხმობ შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის სამხედრო დაჯგუფების მხარდაჭერას, ეს არის დაჯგუფება, რომელსაც თურქეთი, ევროკავშირი და აშშ ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევს”, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ამას წინ უძღოდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება იმის თაობაზე, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის.