ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წესების სავარაუდო დარღვევის გამო, ევროვიზიაზე ექვსი ქვეყნის ჟიურის ხმები გაუქმდა – EBU

ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებით, ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალში ექვსი ქვეყნის ჟიურიმ ხმა სავარაუდოდ, წესების დარღვევით მისცა, რის გამოც, მათი ხმები არ ჩაითვალა.

“ექვსი ქვეყნის შედეგებში არასწორი სქემით ხმის მიცემა გამოვლინდა. ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზიაზე ხმის მიცემის პროცესით მანიპულაციის ნებისმიერი მცდელობის შესახებ ეჭვს სერიოზულად ეკიდება და აქვს უფლება, ხმის მიცემის ოფიციალური ინსტრუქციის შესაბამისად მსგავსი ხმები გააუქმოს მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენა ექნებოდა ამ ხმებს შედეგებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაცია თავდაპირველად BBC-ს მუსიკალურმა კორესპონდენტმა, მარკ სავეჯმა Twitter-ზე გაავრცელა.

“ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებით, ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში ექვსმა ქვეყანამ ხმა წესების დარღვევით მისცა. ამის გამო წაიკითხა აზერბაიჯანისა და საქართველოს შედეგები ევროვიზიის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა ზედამხედველმა, მარტინ ესტერდალმა ჟიურის ნაცვლად”, – წერს ის.

წელს, ევროვიზია გამარჯვებული უკრაინა გახდა, რომელსაც კონკურსზე ჯგუფი KALUSH ORCHESTRA წარმოადგენდა სიმღერით Stefania. ცნობისთვის, საქართველოდან უკრაინამ მაქსიმალური 12 ქულიდან 6 ქულა მიიღო.

მოგვიანებით, ამასთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უკრაინას 12 ქულა დაუწერა და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.

“ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება — პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს. საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ ულოცავს უკრაინას დამსახურებულ გამარჯვებას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

იტვირთბა....