ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინაში ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ სამხედროს გაასამართლებენ

უკრაინამ ომის დანაშაულში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც ადგილობრივი მედია გენერალური პროკურორის ოფისზე დაყრდნობით წერს, 21 წლის სამხედროს სუმის ოლქში მცხოვრები 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში ედება ბრალი. ეს უკრაინაში პირველი სასამართლო პროცესია, რომელზეც რუსი სამხედროს გასამართლება მოხდება. ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცმა, რომლის კოლონაც 28 თებერვალს ურკაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა დაარბიეს, ოთხ თანამებრძოლთან ერთად გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ, მათ ავტომატებით ესროლეს კერძო მანქანას, რის შემდეგაც, სატრანსპორტო საშუალება გაიტაცეს. სწორედ ამ ავტომობილით შევიდნენ რუსი ჯარისკაცები სუმის რაიონის სოფელ ჩუპახოვკაში, სადაც გზად, სოფლის მაცხოვრებელი დაინახეს, რომელიც შეუიარაღებელი იყო, ველოსიპედით მიდიოდა და ტელეფონზე საუბრობდა. გენპროკურატურის ცნობით, ერთ-ერთმა სამხედრომ ბრალდებულს მისი მოკვლა უბრძანა იმ მოტივით, რომ მამაკაცს ისინი არ გაეთქვა.

“ბრალდებულმა ავტომობილის ჩაწეული ფანჯრიდან კალაშნიკოვის ტიპის ავტომატით რამდენიმე გასროლა განახორციელა 62 წლის სამოქალაქო პირის მისამართით. მამაკაცს ტყვია თავში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა საკუთარი სახლიდან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აღნიშნული სამხედრო უკრაინელებს ტყვედ ჰყავთ აყვანილი, ხოლო ინფორმაცია დანარჩენი ოთხი ჯარისკაცის შესხებ გენერალურ პროკურატურას არ გაუვრცელებია. უცნობია ისიც, რა გარემოებაში მოხდა ბრალდებულის ტყვედ აყვანა.

იტვირთბა....