უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ის ევროპელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებსაც არ სურთ, რომ უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. როგორც პოდოლიაკი Twitter-ზე წერს, ათი ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა ევროპული არჩევანის ფასი და ქვეყანას ხელი არ უნდა შეუშალონ ევროპისკენ სწრაფვაში.
“ცუდ თამაშში კარგად გამოჩნდე – ასე გამოიყურება ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის, მცდელობა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სიმბოლური ფორმატებით შეიცვალოს. 10 ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლე ევროპულ არჩევანში გადაიხადა და არა Shell game-ის ახალ სერიაში. უკრაინამ უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი”, – წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი გუშინ “ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის” შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რაც მისი თქმით, უკრაინას და ევროკავშირის სხვა არაწევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, “ძირითად ევროპულ ღირებულებებს“ შეუერთდნენ.