ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვარკეთილში სპეცოპერაციის დროს ძმები დააკავეს

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთ დაკავებულს ბრალად ედება თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე პოლიციელის ავტომანქანაზე განზრახ დაჯახება, ხოლო მეორეს – დანაშაულის შეუტყობინებლობა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული გ.შ. და 1997 წელს დაბადებული ბ.შ. თბილისში, შუამთის ქუჩაზე, საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, “ტოიოტას“ მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან – გ.შ.-სთან და მ.ხ.-სთან ერთად მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა – დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

TVპირველის ცნობით, დაკავებული არიან ძმები – ბექა და გიორგი შენგელიები.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მანამდე, 5 მაისს, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც ასევე დანაშუალის შეუტყობინებლობას ედავებიან. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

იტვირთბა....