საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მიღებული კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობაც დაასრულა და შევსებულ დოკუმენტს ევროკომისიას სავარაუდოდ, 10 მაისს გადასცემს.
“გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობაც დაასრულა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის საქართველომ ევროკომისიას კითხვარის ბოლო ნაწილი გადასცეს. როგორც იცით, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკური და სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებისთვისაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გავწიეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფო უწყებას, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ მნიშვნელოვან პროცესში”, – განაცხადა დარჩიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველომ კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს 2 მაისს გადასცა.
შემდგომი ეტაპი ევროკომისიის მიერ შეფასების ანგარიშის მომზადება იქნება, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა. საბჭო კი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მიიღებს.