ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

როგორ მოვიქცეთ, თუ დამქირავებელი ბინას არ ტოვებს – იურისტის განმარტება

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტი ადამიანი წერს კონკრეტული შემთხვევების შესახებ, როდესაც უცხოელები, უმეტესად რუსეთის მოქალაქეები, საქართველოში ნაქირავები ბინის საფასურის გადახდას წყვეტენ, სახლის დატოვებაზე კი უარს აცხადებენ. ბინის მფლობელებს პოლიციის გამოძახება უწევთ, თუმცა, ეს პრობლემას ვერ აგვარებს, რადგან გამქირავებლები სამართალდამცავებისგან იღებენ პასუხს, რომ პოლიციას არ აქვს უფლება, ზეპირსიტყვიერი შეთანხმების დროს, ქირით შესახლებული პირი/პირები ბინიდან გაასახლოს. სასამართლო პროცესები კი როგორც წესი, დროში იწელება.

ამ საკითხთან დაკავშირებით “მეტრონომი” იურისტ კახა კოჟორიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ასეთი ფაქტების შესახებ თავადაც სმენია და ამ შემთხვევაში, პრევენციული რეკომენდაციების გაცემა გაცილებით მარტივია, ვიდრე ზოგადი რჩევების მიცემა იმ გამქირავებლებისთვის, რომლებიც უკვე აღმოჩდნენ მსგავსი პრობლემის წინაშე.

“მეც მსმენია მსგავსი ფაქტები. წამიკითხვას ინტერნეტში – პოლიცია მოვიდაო, თუმცა, გვითხრა, რომ ქირავნობის დროს სასამართლოს უნდა მიმართოთო. მთლად ასე არ არის, ვერ დავეთანხმები ბოლომდე პოლიციის ამ განმარტებას, თუმცა, როდესაც წერილობითი ხელშეკრულება არ არის დადებული და ზუსტად არ არის გაწერილი, ვის რისი უფლება აქვს, ეს პრობლემურია და რთულია. ყველა შემთხვევა ინდივუდუალურია და რჩევაც ამ ინდივიდუალურ გარემოებაზე უნდა იყოს ადაპტირებული და მორგებული. ზოგადი რჩევა შეიძლება იყოს ის, რომ მანამ გამქირავებლები რაიმე კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამენ, კვალიფიციურ იურისტს მიმართონ”, – აცხადებს კახა კოჟორიძე.

იურისტის რეკომენდაციით, ამ დროს მნიშვნელოვანია, გამქირავებელმა ზეპირი ხელშეკრულების ნაცვლად, წერილობითი კონტრაქტი დადოს, რომელშიც კონკრეტულად იქნება გაწერილი ის პუნქტები, რომლებიც მას მსგავსი გართულებებისგან დააზღვევს.

“პირველ რიგში, უნდა დადონ შესაბამისი კონტრაქტი. კარგი კონტრაქტი – არა უბრალოდ ზეპირი ხელშეკრულება, რომელიც ქირავნობის დროს იდება ხოლმე და მხარეთა უფლებები ხდება სადაო, რადგან რთულია იმის მტკიცება, თუ რაზე შეთანხმდნენ. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ეს გაკეთდეს წერილობითი ფორმით და ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ბინებს აქირავებენ, იურისტის კონსულტაცია გამოიყენონ არა მაშინ, როდესაც უკვე პრობლემა შეიქმნება, არამედ, წინასწარ. კვილიფიციური დახმარების წინასწარ მიღების შემთხვევაში, იურისტები მოამზადებენ ისეთ კონტრაქტებს, რომლებშიც მათი უფლებები იქნება დაცული.

იურისტი გვირჩევს, რა პუნქტები უნდა ჩაიდოს ხელშეკრულებაში:

  • დამქირავებელმა წინასწარ გადაიხადოს გარკვეული პერიოდის, მაგალითად, ორი თვის საფასური.
  • წინასწარ განისაზღვროს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის არგადახდის შემთხვევაში, მესაკუთრეს ექნება უფლება, დაკეტოს ბინა და სახლში აღარ შეუშვას დამქირავებელი.
  • დაიდოს შეთანხმება, რომ საბანკო ანგარიშზე დაიდება გარკვეული თანხა იმ შემთხვევისთვის, თუ დამქირავებელი ბინას დააზიანებს.

“ასეთი ტიპის შეთანხმებები კონტრაქტში შეიძლება დეტალურად დაიწეროს წინასწარ, ისე, რომ მესაკუთრეთა ინტერესები მაქსიმალურად იქნეს დაცული”, – აცხადებს კახა კოჟორიძეს.

 

იტვირთბა....