უკრაინის ომში “კადიროველების” დიდი დანაკარგების გამო, ჩეჩნეთში ხალხმრავალი ქორწილების გადახდა არაოფიციალურად აიკრძალა. როგორც გამოცემა Кавказ.Реалии ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, ეს გადაწყვეტილება რამზან კადიროვმა მიიღო, თუმცა, ოფიციალური აკრძალვა არ შემოუღია.
Кавказ.Реалии-ს კორესპონდენტმა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად გროზნოში მდებარე ხუთ სადღესასწაულო დარბაზში დარეკა, საიდანაც ოთხში საქორწილო წვეულების მოწყობაზე უარი უთხრეს, ერთში კი განუცხადეს, რომ მხოლოდ 50-მდე ადამიანს მიიღებდნენ.
“ეს ადგილობრივი საქორწილო ტრადიციების გათვალისწინებით, სტუმრების ძალიან მოკრძალებული რაოდენობაა. ამასთან, ქალაქ გუდერმესისა და არგუნის ზოგიერთ სადღესასწაულო დარბაზშიც არ უპასუხიათ გარკვევით კითხვაზე, შეიძლება თუ არა ქორწილის გადახდა – გვითხრეს, უნდა დავაზუსტოთო. ერთ დარბაზში, რომელიც 450 ადამიანს იტევს, ისე გვითხრეს უარი, რომ მიზეზი არ აუხსნიათ”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.