საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშსს ავრცელებს, რომელშიც საქართველო 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქვეყანა მე-60 პოზიციაზე იყო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება მედიის კრიტიკას ცენზურით, დარბევებითა და დაშინებით პასუხობს.
“საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიასაშუალებების ფლობას უკრძალავს, თუმცა, მხსვილი მედიები, როგორც წესი, საკუთარი მფლობელების ინტერესებს ატარებენ, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ პოლიტიკურ ლიდერებთან. ასეთივე ტენდენცია შეიმჩნევა სახელისუფლებო მედიებთან მიმართებაში, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან ჩარევას ექვემდებარებიან. [ხელისუფლება] მედიის კრიტიკას ცენზურით, დარბევითა და დაშინებით პასუხობს. “, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ რამდენად საფრთხისშემცველ გარემოში უხდებათ ჟურნალისტებს საკუთარი საქმიენობის შესრულება.
“ხშირია ჟურნალისტებზე სიტყვიერი თავდასხმები და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევები. აგრესორთა შორის კი, ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც არიან, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო კამპანიების დროს. 2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს, ლინჩის წესით მოქმედი ბრბოს სასტიკი თავდასხმა 50 ჟურნალისტზე იყო უპრეცენდენტო უკუსვლა. მომხდარის გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის არარსებობა მეტყველებს იმ დაუსჯელობის შესახებ, რომლითაც ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები სარგებლობენ”, – ნათქვამია ანგარიშში.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართულ საზოგადოებაში გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობა და დაძაბულობაა, რაც გავლენას ახდენს ჟურნალისტურ გაშუქებაზე.
“ასეთ თემებს შორისაა რელიგია, ლგბტქ+ ადამიანთა უფლებები და რუსეთის გავლენა. საზოგადოებაში გავლენის მქონე ფიგურებს, როგორებიც არიან მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ელექტრონული გზით აკონტროლებენ უსაფრთხოების სამსახურები, რითაც არღვევენ კანონს ჟურნალისტური წყაროს კონფიდენციალობის შესახებ”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ორგანიზაციის დასკვნით, საქართველოში მრავალფეროვანი და ამავდროულად, ძალიან პოლარიზებული მედიალანდშაფტია.