რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს შესაძლოა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ნაცვლად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ოფიციალურად ომი უწოდოს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ და დასავლელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, პუტინი 9 მაისს ე.წ გამარჯვების დღეს, პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებას შეეცდება და უკრაინაში რაიმე სახის სამხედრო წარმატებებს გააფორმებს.
მანამდე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ პუტინს ომის გამოცხადება 1 მაისსაც შეეძლო.
სხვა ვარაუდების თანახმად, რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს 9 მაისი ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიისთვის, ან მარიუპოლზე სრული კონტროლისა და ოდესის წინააღმდეგ შეტევის გასაძლიერებლად.
ამასთან, აშშ-ის ელჩმა ეუთო-ში მაიკლ კარპენტერმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს “სანდო” სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი შეეცდება ლუგანსკის და დონეცკის ანექსიას “მაისის შუა რიცხვებში”.
ასევე არსებობს მინიშნებები, რომ რუსეთი შესაძლოა ხერსონში „სახალხო რესპუბლიკის“ გამოცხადებას გეგმავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ორშაბათს განაცხადა, რომ არსებობს „საგულისხმო მიზეზები იმის დასაჯერებლად, რომ რუსები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გამოიყენონ“ 9 მაისი პროპაგანდული მიზნებისთვის.
პრაისის თქმით, რუსეთს ომის ოფიციალურად გამოცხადება საშუალებას მისცემს გაზარდოს წვევამდელთა რაოდენობა, რაც ახლა მას არ შეუძლია.
როგორც მედია წერს, რუსები აჩვენებენ მსოფლიოს, რომ მათი სამხედრო ძალისხმევა უკრაინაში წარუმატებელია.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.