ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი სამართალი

აზიანებს თუ არა ირაკლი შოთაძის ქმედებები ქვეყნის იმიჯს?

უცხოეთის მოქალაქემ შესაძლოა საქართველოს პროკურატურას სასამართლოში უჩივლოს


გუშინ, news.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავარმა პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, კომპანია New Life Georgia-ში ჩაატარა ჩხეკა, ამოღებულია დოკუმენტები და კომპიუტერები.  კომპანიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი „მომავლის იმედის“ თავმჯდომარის, თამარ ხაჭაპურიძის განცხადებები გახდა.  სტატიით ასევე ირკვევა, რომ ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, რომლის ფარგლებშიც პროკურატურა მუშაობს – მათ შორის სუროგაციული მეთოდის გზით საქართველოში დაბადებული ბავშვების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გაყვანის ფაქტებზე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა სხვა დეტალების გასაჯაროვებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ სტატიაში არ არის მოტანილი თავად კომპანია New Life Georgia-ს წარმომადგენელთა პოზიცია. ამას სტატიის ავტორი იმით ხსნის, კომპანიის დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი საქართველოში არ იმყოფება.

“მეტრონომმა” შეძლო New Life Georgia-ს დამფუძნებელთან, მარიამ კუკუნაშვილთან დაკავშირება და მასთან ინტერვიუს ჩაწერა.

“მეტრონომი”: ქალბატონო მარიამ, როგორც გუშინ, საინფორმაციო სააგენტომ news.ge სანდო წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, თქვენი კომპანიის თბილისის ოფისში ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებულია დოკუმენტაცია და კომპიუტერები. პროკურატურაში თავი შეიკავეს ინფორმაციის დადასტურებისგან თუმცა, განაცხადეს რომ გამოძიება მინდინარეობსთქვენ თუ ადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას?

მარიამ კუკუნაშვილი: როგორც წესი, რიგ მედია-საშუალებებს უყვართ სკანდალი. ეს ხმამაღალი სიტყვებიც – ჩხრეკა, კომპიუტერების ამოღებაც, ჩანს, ამ რუბრიკიდანაა.  რეალურად, ამჯერადაც მოხდა  ის,  რაც აგერ უკვე 6 წელია ხდება – მოდიან სამართალდამცავი სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ წარმოებაში არსებული გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე,  ითხოვენ და მიაქვთ დოკუმენტაცია და შემდეგ მოქვთ, შემდეგ ისევ მიაქვთ და ასე. ჩვეულებრივი მარაზმია, მაგრამ რეალობაა.

2008 წლიდან დღემდე,  ჩვენს კომპანიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა  შსს თბილისის მთავარ სამართველოში, სოდში, ქალაქ თბილისის  პროკურატურაში,  რესპუბლიკის მთავარ პროკურატურაში და ეს ყველაფერი… რატომ? იმიტომ, რომ  სუროგატული დედობის სააგენტოს მფლობელმა თამარა ხაჭაპურიძემ, მისსავე ორგანიზაციას “საქართველოს სუროგაციის ცენტრი მომავლის იმედს” გადაარქვა სახელი, გარდაისახა ე.წ. უფლებადამცველად და აგერ, უკვე 8 წელია, სხვადასხვა უწყებებში, სხვადასხვა ბრალდებით მიჩივს. ამ ბრალდებების ჩამონათვალი ვრცელია და თქვენ წარმოიდგინეთ, მათ შორის, ჩემი საკუთარი შვილების გაყიდვის მცდელობაშიც კი მდებდა ბრალს. ამ ქალის კვერულანტურ-ბოდვითი ქმედებები ამდენი ხნის მანძილზე იმდენად ცნობილი გახდა ფართო საზოგადოებისათვის, რომ ყურადღებასაც არც მივაქცევდი, რომ არა სამართალდამცავების ის არაადეკვატური და სასაცილო მდგომარეობა,  თუ როგორ ემორჩილებიან ამ ქალის შანტაჟს.

– შანტაჟი რაში მდგომარეობს?

შანტაჟი  მდგომარეობს  მის ქმედებებში,  როგორიცაა: ბანერიანი მანქანების თვეობით დაყენება სახელმწიფო კანცელარიასთან, მერიასთან, იუსტიციის სამინისტროსთან, თუ პრემიერ-მინისტრის სახლთან, სატელევიზიო კლიპების დაფინანსება, რომელიც პირდაპირ ადანაშაულებს სახელმწიფოს კრიმინალის მფარველობაში, ხმამაღალი და ყოვლად წარმოუდგენელი ცილისმწამებლური ბრალდებები  ჩემს “კრიმინალურ” საქმიანობის მფარველობასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირების მიმართ – დაწყებული გამომძიებლებიდან, დამთავრებული ქვეყნის პირველი პირებით: პრეზიდენტი, პირველი ლედი, პრემიერ-მინისტრი, ასევე სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი, მთავარი პროკურორი, იუსტიციის მინისტრი და ახლა, უკვე ბიძინა ივანიშვილიც. მისი პრიმიტიული განზრახვა ნათელია – შეუქმენით პრობლემები მარიამ კუკუნაშვილს, თორემ მე მზად ვარ გესროლოთ საშინელი ტალახი და შეგიქმნათ პრობლემები თქვენ.

სხვათაშორის, ამ ყველაფერზე მე მაოცებს სამართალდამცავი სტრუქტურების აბსოლუტურად არაადექვატური რეაგირება – ნაცვლად იმისა, რომ მას პასუხი აგებინონ ცილისწამებისათვის, ჩემსა და ჩემს ოჯახზე განხორციელებული ტერორისთვის, ისინი  დაუსრულებლად, წლების მანძილზე ხსნიან და ხურავენ სისხლის სამართლის საქმეებს ამ ქალის საჩივრების საფუძველზე. სამწუხაროდ, სამართალდამცავებს არც გამბედაობა ყოფნით და არც პროფესიონალიზმი, რომ  აღკვეთონ ხაჭაპურიძის ქმედებები და შესაბამისად  მისი შანტაჟის ტყვეობაში არიან.

– პროკურატურის ახლანდელი განცხადება იმის შესახებ რომ ხაჭაპურიძის საჩივრებთან მიმართებაში ძიება დასკვნით ფაზაშია შესული არ გაძლევთ იმის საფუძველს ივარაუდოთ, რომ იქნებ, ეს დაუსრულებელი პროცესი ახლა დასრულდება?

– საფუძველს კი მაძლევს და ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ეს საქმეც დაიხურება, როგორც წინა საქმეები, მაგრამ შედეგს რას მივიღებთ? ხაჭაპურიძის მიერ  დიდი ვარაუდით, ახალი საჩივარი გამოცხვება, რომელზეც ახალი საქმე აღიძვრება და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ როგორც ზემოთ ავღნიშნე სამართალდამცავები აბსოლუტურად უუნარონი  არიან პრობლემას გაუმკლავდნენ. თავად განსაჯეთ, თუ არა მათი უუნარობა, როგორ მისცემდნენ საშუალებას ხაჭაპურიძეს თვეების განმავლობაში ქვეყნის მთავარ სატელევიზიო ეთერებში რეგულარულად გაეშვა მისი დაფინანსებული კლიპი, რომ სახელმწიფოდან იყიდებოდნენ და იყიდებიან ჩვილი ბავშვები და ამას სახელმწიფო მფარველობს.

– თქვენ სამართალდამცავებს უუნარობასა და არაადექვატურობაში ადანაშაულებთ, თუმცა, უნდა აღინიშნოს დღეს, პროკურატურას ახალი ხელმძღვანელი ყავს, ხოლო განცხადება იმის შესახებ რომ ძიება დასკვნით ფაზაშია შესული მიანიშნებს, რომ მთავარი პროკურორი საკითხზე ინტენსიურად ამუშავდა.

– ერთი შეხედვით, შეიძლება მართალი ბრძანდებით, თუმცა, ეს რომ ასე არ უნდა იყოს ეჭვი გამიჩნდა. სამწუხაროდ, იმ ვიდეომასალაში რომელიც ხაჭაპურიძემ გაავრცელა, ნათლად  ჩანს, თუ ირაკლი შოთაძე პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე, როგორ დააყენა დასჯილი ბავშვივით, დატუქსა და ბოდიშები ახდევინა.

– გინდათ განაცხადოთ რომ ე.ი. თამარ ხაჭაპურიძე ავტორიტეტს წარმოადგენს ირაკლი შოთაძისათვის?

– შეიძლება ავტორიტეტს არ წარმოადგენს, მაგრამ ის რაც ვნახე, იმის საფუძველს ნამდვილად არ მაძლევს ვიფიქრო, რომ ეს ის მთავარი პროკურორია, რომელსაც ეყოფა გამბედაობა თამარ ხაჭაპურიძის შანტაჟები საბოლოოდ აღკვეთოს და მას პასუხი აგებინოს. სხვათაშორის, სამართალდამცავების პროფესიონალიზმი ადრე ვახსენე, და ირაკლი შოთაძის შემთხვევაშიც იგივე ეჭვი მაქვს.

– მთავარი პროკურორის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანის საბაბს რა გაძლევთ?

– მე გეტყვით, საზოგადოებამ განსაჯოს. როდესაც შუაგულ ევროპაში საგამომძიებლო მოქმედებების ფარგლებში, ჰეტეროსექსუალურ წყვილებს აბარებინებ დაკითხვაზე, და მიუხედავად იმისა რომ ამ წყვილის ქორწინების მოწმობები საქმეში გიდევს, უსვამ შეკითხვას, ხარ თუ არა გეი, გამოდის რომ უცხო ქვეყნის კი არა, საკუთარი ქვეყნის კანომდებლობასაც არ იცნობ, რომელიც უმცირესობათა დისკრიმინაციას ეხება. რეალურად, ამ ქმედებით ირაკლი შოთაძემ გამოძიებას კი არ შესძინა რამე, არამედ, ქვეყნის იმიჯი დააყენა საფთხის ქვეშ.

– ის რომ ქვეყნის იმიჯს საფთხე ექმნება სად დაინახეთ? ანუ რას გულისხმობთ?

ვგულისხმობ იმას, რომ ის პაციენტები, რომლებსაც ხაჭაპურიძის საჩივრის საფუძველზე ასეთი ფორმის შეკითხვები დაუსვეს, აპირებენ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მიმართონ და ერთ-ერთმა შეურაცხყოფილმა პაციენტმა ადვოკატის რეკომენდირებისათვისაც მომმართა, რათა აქვე საქართველოში უჩივლოს პროკურატურას. ის კიდევ ცალკე თემაა, რომ პროკურატურის ამ გაუაზრებელ ქმედებებზე მიდის პაციენტთა ღია ფორუმებში დისკუსი, სადაც ათასობით ადამიანია და ზოგს სასაცილოდ არ ყოფნის მომხდარი, ხოლო ზოგი მწუხარებას გამოხატავს ჩვენი ქვეყნის ჩამორჩენილობის გამო.

– კარგით, ხაჭაპურიძის თემას რომ დავუბრუნდეთ, გასაგებია რომ სამართალდამცავების იმედი ნაკლებად გაქვთ და თქვენ თავად რას აპირებთ? თამარ ხაჭაპურიძეს თქვენ თავად რატომ არ უჩივლებთ?

– თამარ ხაჭაპურიძეზე ნაჩივლია და საქმეც არის აღძრული. თუმცა, ზუსტად იმიტომ რომ პროკურატურის იმედი არ მაქვს, ამჯერად უკვე მათზე ვაპირებ სამართლებლივ ზეწოლას, რათა გამბედაობაც შევძინო და გონიერებაც. ამიტომ პროკურორ ცერცვაძიდან დაწყებული შოთაძით დამთავრებული უკვე სამართლებლივად მოვთხოვ ყველას პასუხს. ასევე ვაცნობებ და  დახმარებას ვთხოვ საელჩოებს, მივმართავ ავტორიტეტულ უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროპის საბჭოს და საპარლამენტოს ასამბლეის  ადამიანის უფლებათა დამცველ  შესაბამის სტრუქტურებს, საჭირო გახდება და ეს გზა მივა მართლმსაჯულების განმხორციელებელ შესაბამის საერთაშორისო სასამართლომდეც.

 

 

იტვირთბა....