საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და მიღებული გადაწყვეტილება გააჟღერა.
მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის თქმით, ოჯახის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, რის გამოც ისინი უწყვეტ აქციებს აანონსებენ.
მისივე თქმით, აქციების დაწყების კონკრეტულ თარიღს, უახლოეს პერიოდში გაახმოვანებენ.
“ჩვენს გეგმას რაც შეეხება, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან. პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ ექიმებთან კიდევ ერთხელ, საპატრიარქოსთან, და გვაქვს რაღაც სიგნალები, რომ შეიძლება, პატივი დაგვდოს უწმინდესმა და შეგვხვდეს, გამონახოს დრო, რათა ავუხსნათ მას ჩვენი ძმის, ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იქნებ მისმა ზეგავლენამ და ავტორიტეტმა მოახდინოს რაიმე გავლენა. გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მეტიც – ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომლებსაც ამ შეხვედრების შემდეგ ძალიან აქტიურად დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მოვივლით ყველა რეგიონს, დავიწყებთ აჭარიდან, მოვყვებით სამეგრელოს, გავყვებით ყველა მხარეს და შევხვდებით ხალხს. ვფიქრობ, თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც. რაც შეეხება აქციის თარიღს, ალბათ ამ დღეებში გავახმოვანებთ.
ახლა მე დღეს არავითარი გრძელვადიანი გეგმა არ წარმომიდგენია. ეს ყველაფერი მოხდება რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ დავიწყებთ უწყვეტ აქციებსაც, რათა გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მიშას არ მოგაკვლევინებთ. ეგ არის გამორიცხული, რადგან მიშა არის ჩვენი ძმა, თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი. თითოეული ადამიანის დუმილი მის მკვლელობაში მონაწილეობაა. ყველას მოგიწოდებთ, მხარში დაგვიდგეთ, რათა მიშა გადავარჩინოთ“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს ამოიწურა. ოჯახი 18.00 საათამდე ელოდებოდა ხელისუფლებისგან პასუხს, მზად არიან თუ არა მკურნალობის მიზნით სააკაშვილის უცხოეთში გასაგზავნად.