დონბასში უკრაინელმა სამხედროებმა ერთი დღის განმავლობაში ორი თვითმფრინავი ჩამოაგდეს და მტრის ცხრა შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი Facebook-ზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინელებმა ამავე პერიოდში ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის, რვა ტანკის, 24 ერთეული სამხედრო ბრონირებული ტექნიკისა და მტრის სხვა ტექნიკის განადგურება შეძლეს.
“საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა დონბასის ცაზე Су-25-ის ტიპის ორი თვითმფრინავი და Orlan-10-ის ტიპის ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე წარმატებით მოიგერიეს მტრის ცხრა შემოტევა. უკრაინელი მებრძოლები გმირულად აგრძელებენ აგრესორის შეკავებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება ცოცხალ ძალას, უკრაინის გენერალური შტაბის ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, დაღუპულია 23 000 ოკუპანტი.