ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბინის დაქირავება გაიაფდა: ახალმა კანონმა დადებითი შედეგი გამოიღო

 

ბინის გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალზე გადასახადის შემცირებამ ქირა გააიაფა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირის მიერ ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 20%-ის ნაცვლად 5%-ით იბეგრება. ნორმა რამდენიმე თვეა, რაც ამოქმედდა.

როგორც  უძრავი ქონების სააგენტოებში განაცხადეს, ცვლილებამ დადებითი შედეგი უკვე გამოიღო. კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი სააგენტოებში უჭირთ, თუმცა, აცხადებენ, რომ ცვლილების შემდეგ გამქირავებლების განწყობა მკვეთრად შეცვლილია.

კომპანია „რემაქსის“ ხელმძღვანელი მარიამ ასათიანი აცხადებს, რომ თუ ადრე გამქირავებლებს არ სურდათ ფასის დაწევა, რადგანაც გადასახადის სახით თანხის 20%-ი ბიუჯეტისთვის უნდა გადაეხადათ, ახლა ეს სიმძიმე მოიხსნა და უფრო მეტი ადამიანია მზად ფასიც დააკლოს და 5%-იანი გადასახადი გადაიხადოს. გამქირავებლების საკმაოდ დიდი ნაწილი გადასახადს არ იხდიდა, შემცირებული გადასახადის ფონზე კი მათ კანონის დარღვევა აღარ უღირთ.

„ნამდვილად გამოიღებს შედეგს – რასაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა, იმ ნაწილში. კომერციული მიზნით დაქირავების შემთხვევაში, როგორც წესი, ისედაც რეგისტრირდებოდა ხელშეკრულებები, რადგანაც აქ დარღვევის აღმოჩენის მაღალი რისკია. რაც შეეხება ბინების გაქირავებას, ძალიან დიდი წილი იყო იმის, როცა არ იხდიდნენ გადასახადებს. ახლა, ეს 5% არ უღირთ იმად, რომ დაჯარიმდნენ, დაარღვიონ კანონი. 5% არის ის მოტივაცია, რომ დაარეგისტრირონ და გადაიხადონ გადასახადი“,- აცხადებს მარიამ ასათიანი.

მისი თქმით, ერთი მხრივ, შედეგი არის ის, რომ გადასახადის აკრეფა უფრო სრული გახდება და მეორე მხრივ, დაიწია გაქირავების ღირებულებამ. მიუხედავად დადებითი შედეგებისა, „რემაქსის“ ხელმძღვანელს ხელისუფლებასთან რეკომენდაცია აქვს. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, თუ შეღავათიანი გადასახადი მხოლოდ ფიზიკურ პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე არ გავრცელდება და შეეხება ფიზიკურ და იურიდიულ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაზეც.

„იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის ეს არის ერთადერთი შემოსავალი, სასურველი იქნებოდა, რომ ასე კი არ იყოფოდეს, რომ 5%-ით მხოლოდ ის ბინები იბეგრებოდეს, რომლებიც კომერციული დანიშნულებით არ ქირავდება. არამედ ეს 5% უნდა შეეხოს იმ ბინებსაც, რომლებიც ქირავდება კომერციული დანიშნულებითაც. რეალურადაც, იმის გარკვევა, რისთვის იყენებს დამქირავებელი ფართს, ძნელია. შეიძლება ადამიანმა იქირაოს ფართი საცხოვრებლად და შემდეგ გააკეთოს იქ სალონი. გაუგებრობები თავიდან რომ ავიცილოთ, ეს კარგი ცვლილებები იქნება“,- აცხადებს „რემაქსის“ ხელმძღვანელი.

გაიაფების ტენდენციაზე საუბრობს უძრავი ქონების სააგენტო kibe.ge-ს დამფუძნებელი ნელი გოგუაძეც. მისი თქმით, ცვლილებამ გამქირავებლებს ფასების კლების შესაძლებლობა მისცა.

„თუ 1000 დოლარად ქირავდებოდა ბინა, საიდანაც  20 პროცენტი იყო გადასახდელი ბიუჯეტში და მფლობელს 800 დოლარი რჩებოდა, ახლა ისინი გვეთანხმებიან, რომ გაქირავდეს 850 დოლარად და იგივე შემოსავალი მიიღონ. ბევრი გვეთანხმება ამაზე. მაგალითად, გვაქვს ერთი ბინა, რომელიც ქირავდებოდა 600 დოლარად, საიდანაც 120 დოლარი იყო საშემოსავლო გადასახდელი და ახლა აქირავებს 500 დოლარად , რადგანაც იგივე შემოსავალი აქვს“,- აცხადებს ნელი გოგუაძე.

მისივე თქმით, დღეს ბევრად მეტი ადამიანია თანახმა, რომ ბინის გაქირავების შემთხვევაში ოფიციალურად გააფორმოს ხელშეკრულება და საშემოსავლო 5% გადაიხადოს.

„ჩვენ ვინც გვირეკავს და ბინების გაქირავებას გვთხოვს, ყველას ვუხსნით, რომ არ უნდა დამალოს შემოსავალი და ოფიციალურად გააფორმოს ხელშეკრულება. ეს უნდა გააკეთოს ყველამ, რადგანაც 5% არ არის ის გადასახადი, რომელიც შეიძლება დამალო. ვისაც შევთავაზეთ მსგავსი რამ, ყველამ გვითხრა თანხმობა“,- აცხადებს ნელი გოგუაძე.

რეალურად რა შედეგები მოიტანა საგადასახადო ცვლილებამ და მიაღწია თუ არა ხელისუფლებამ მიზანს – შეემცირებინა უკანონო შემოსავლები და გაეზარდა ოფიციალურად რეგისტრირებული ხელშეკრულებების რაოდენობა –  ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები „კომერსანტმა“ შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვა და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

წყარო: Commersant

იტვირთბა....