ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბრიტანელი დეპუტატი, რომელმაც აღიარა, რომ თემთა პალატაში პორნოს უყურებდა, გადადგა

ბრიტანელმა დეპუტატმა, ნეილ პერიშმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიას წარმოადგენდა თემთა პალატაში, თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ორჯერ უყურა პორნოს.

მისი განმარტებით, პირველად, ტელეფონით პორნოსაიტზე შემთხვევით შევიდა, როდესაც ინტერნეტში ტრაქტორებს ეძებდა მსგავსი დასახელების საიტზე.

“ცოტა ხანს ვუყურე, რაც ნამდვილად არ უნდა გამეკეთებინა. თუმცა, ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული იმაშია, რომ ეს მეორედაც გავაკეთე, უკვე, განზრახ. ვიჯექი და ხმის მიცემის პროცედურის დაწყებას ველოდებოდი”, – ამბობს ნეილ პერიში.

მედიაში ეს ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც მისმა კოლეგა ქალმა დაინახა, როგორ უყურებდა დეპუტატი ტელეფონში პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოს კომიტეტის სხდომაზე.

თავდაპირველად, დეპუტატი აცხადებდა, რომ მანამ პარლამენტის სტანდარტების კომისარი მის საქმეს იძიებდა, საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებდა, თუმცა, მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და გადადგა.

“საბოლოო ჯამში, გავაცნობიერე, რომ ის ზიანი, რომელიც საკუთარ ოჯახს და საარჩევნო ოლქს მივაყენე, უბრალოდ არ ღირდა იმად, რომ გამეგრძელებინა”, – განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში პერიშმა.

ნეილ პერიშის გადადგომამდე, The Times-თან ინტერვიუში მისმა ცოლმა, სიუ პერიშმა განაცხადა, რომ  არასდროს შეუმჩნევია, რომ მისი ქმარი პორნოგრაფიის ყურებით ყოფილიყოს გატაცებული.

“ის შესანიშნავი ადამიანია. ეს ყველაფერი ძალიან უხერხული იყო”, – განუცხადა გამოცემას სიუ პერიშმა.

ნეილ პერიშს კონსერვატიული პარტიის წევრობაც შეუწყდა.

 

იტვირთბა....